ახალი ამბები

არა გაზპრომს – თბილისში აქცია გაიმართება

16 იანვარი, 2016 • 1547
არა გაზპრომს – თბილისში აქცია გაიმართება

გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში დღეს აქცია–კონცერტი გაიმართება.

აქცია მთავრობის კანცელარიასთან 16.00 საათზეა დაგეგმილი. კანცელარიასთან აქციის ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს მზადება.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რუსული გაზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად,  ქვეყნის დამოუკიდებლობას.

შაბათს დაგეგმილ აქცია–კონცერტში  მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, სანდრო სულაქველიძე, ქეთათო, ბორის დენისი და ჯგუფი ეპილონი, გამოუვალი მდგომარეობა (და სხვები).

“ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!”– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია-კონცერტის ორგანიზატორები არიან Defend Liberty, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა, ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა დეფიციტის “გაზპრომის გაზით შევსება. 13 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში “სოკარის” ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება არსებული დეფიციტის აზერბაიჯანული გაზით შევსება, რადგანაც საჭიროა ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.

გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, საუბარი იყო “გაზპრომიდან” გაზის დამატებითი მოცულობის იმპორტზე და არა მხოლოდ გაზის ტრანზიტის შედეგად მიღებულ ტრანზიტის ოდენობის 10% ბუნებრივ აირზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი