ახალი ამბებიეკონომიკა

ენმ -ს მეტი ინფორმაცია სჭირდება მოგების გადასახადზე ცვლილებების მხარდასაჭერად

15 იანვარი, 2016 • 1965
ენმ -ს მეტი ინფორმაცია სჭირდება მოგების გადასახადზე ცვლილებების მხარდასაჭერად

ნაციონალურ მოძრაობას კითხვები აქვს მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა ამ ინიციატივაზე 15 იანვარს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და  განაცხადა, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის შემდეგ მას მხოლოდ უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს.

“ხელაღებით ახლა მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრებს შეუძლიათ თქვან, რომ შემოთავაზებული ცვლილება კარგია და მხარს დაუჭერენ”, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნაციონალური მოძრაობიდამიხეილ მაჭავარიანი.

“მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს ისეთ ცვლილებებს, რომელიც მოგვცემდა უფრო მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, მაგრამ მე თუ არ გავარკვიე დეტალურად, რას გულისხმობს ეს ცვლილება, გამიჭირდება პასუხი”, – ამბობს ის.

მაჭავარიანს აინტერესებს, მაგალითად, რა შემთხვევაში არ დაიბეგრება კომპანია მოგების გადასახადით.

“დავუშვათ, კომპანია x -მა 5 მილიონი მოგება მიიღო და 4 მილიონი გაუშვა რეინვესტიციაში. მაგრამ თუ მილიონი გაიტანა დივიდენტში, დაიბეგრებაო, მე ასე გავიგე გიორგი კვირიკაშვილის ნათქვამი. მე ასე გავიგე, შეიძლება ვცდები. თქვენ როგორ გაიგეთ?”

ნაციონალურ მოძრაობას თავადაც მზად აქვს ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15 -% მდე შემცირებას. ცვლილებების პაკეტი ასევე მოიცავს ზოგიერთი ეკონომიკური დანაშაულის შემსუბუქებას, ხოლო ზოგიერთის  დეკრიმინალიზაციას. ნაციონალური მოძრაობა ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ეკონომიკური დანაშაულისას უმეტეს შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ იქნას გამოყენებული.

ამ საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამეტო ფრაქციას პრემიერ-მინისტრთან სურს საუბარი და გეგმავენ მომავალ კვირას შეხვედრის დანიშვნის თხოვნით მიმართონ პრემიერ-მინისტრს.
მიხეილ მაჭავარიანს იმედი აქვს, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პირველი სიტყვა არ იქნება “არა” ნაციონალური მოძრაობის ყველა ინიციატივაზე, ისევე როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი