ახალი ამბებიეკონომიკა

მოგების გადასახადი რეინვესტიციის შემთხვევში შეიძლება აღარ დაიბეგროს- მთავრობის ინიციატივა

15 იანვარი, 2016 • 3590
მოგების გადასახადი რეინვესტიციის შემთხვევში შეიძლება აღარ დაიბეგროს- მთავრობის ინიციატივა

მოგების გადასახადის დაბეგვრა მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს და არა მისი რეინვესტიციისას – მთავრობის ამ ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური საბჭო მუშაობს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაზე და  საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას გეგმავს.

„საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 15 იანვარს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან.

კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს ხანში გახდება შესაძლებელი, რომ მთავრობამ განიხილოს მზა კანონპროექტი და გაუგზავნოს პარლამენტს. მისი თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს.

„ეს ისეთი საკითხია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს”, – აცხადებს კვირიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით. ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

2016 წლის  ბიუჯეტის თანახმად,  წელს საწარმოებიდან მოგების გადასახადის სახით  980 მილიონი ლარის შემოსავლებია დაგეგმილი, რაც წელს პროგნოზირებული მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 12.3%–ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი