ახალი ამბები

გაზპრომის წინააღმდეგ 16 იანვარს თბილისში აქცია–კონცერტი გაიმართება

13 იანვარი, 2016 • 1402
გაზპრომის წინააღმდეგ 16 იანვარს თბილისში აქცია–კონცერტი გაიმართება

16 იანვარს, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომის წინააღმდეგ აქცია–კონცერტი გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რუსული გაზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა დეფიციტის გაზპრომის გაზით შევსება. 13 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში გაზპრომის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება არსებული დეფიციტის აზერბაიჯანული გაზით შევსება, რადგანაც საჭიროა ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.

შაბათს დაგეგმილ აქცია–კონცერტში  მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, სანდრო სულაქველიძე, ქეთათო, ბორის დენისი და ჯგუფი ეპილონი, გამოუვალი მდგომარეობა (და სხვები).

ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!”– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია-კონცერტის ორგანიზატორები არიან:

Defend Liberty
ჩვენი თავისუფლება
საზოგადოებრივი ინიციატივა
ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი
უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი
სამოქალაქო ალტერნატივა
ევროპული კვლევების ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი