ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჟურნალისტებზე ძალადობა განსაკუთრებით საგანგაშოა

13 იანვარი, 2016 • 1617
ომბუდსმენი: ჟურნალისტებზე ძალადობა განსაკუთრებით საგანგაშოა

საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია ”ტაბულის” ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ უშუალოდ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის. სახალხო დამცველის თქმით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჟურნალისტებზე ძალადობა განსაკუთრებით საგანგაშოა.

”სახალხო დამცველი გმობს ყველანაირ ძალადობას და მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. განუზომელია გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის როლი ინკლუზიური, ინფორმირებული საზოგადოებებისა და დემოკრატიის მშენებლობაში, ჯეროვანი მმართველობის დამკვიდრებაში. აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო დამნაშავე პირები ადეკვატურად დაისაჯონ. თავდამსხმელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში ძალადობის განმეორების თავიდან ასაცილებლად. გამოძიების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სიძულვილის მოტივის სათანადოდ შეფასებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი უშუალოდ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის,” – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

გუშინ, 12 იანვარს,  ”ტაბულის” ჟურნალისტებს: ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან ”ჭაშნაგირში” რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ისინი თავდასხმას მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ ”ტაბულას” მიერ რელიგიური თემატიკის გაშუქება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი