ახალი ამბები

ქარტია ”ტაბულის” ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადოდ დასჯას ითხოვს

13 იანვარი, 2016 • 1491
ქარტია ”ტაბულის” ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადოდ დასჯას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ”ტაბულის” ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქარტიის განცხადებით, დამნაშავეების სათანადოდ დაუსჯელობის პრეცედენტმა, შესაძლოა, სხვა პირები მედიაზე თავდასხმისკენ წაახალისოს, ჟურნალისტებს კი გაუჩნდეთ თვითცენზურა და გარკვეული თემების კრიტიკულად გაშუქებას მოერიდნენ.

”12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ტაბულის” ჟურნალისტებს: ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან ”ჭაშნაგირში” რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქარტია ესაუბრა ჟურნალისტებს, ისინი თავდასხმას მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ ”ტაბულის” მიერ რელიგიური თემატიკის გაშუქება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტზე თავდასხმა ან რაიმე ტიპის ძალადობა. მედიას აქვს უფლება, ეთიკური სტანდარტების დაცვით საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად მოამზადოს მასალა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა კი – დაუშვებელი.

დამნაშავე პირების სათანადოდ დაუსჯელობის პრეცედენტმა, შესაძლოა,  სხვა პირები მედიაზე თავდასხმისკენ წაახალისოს, ჟურნალისტებს კი გაუჩნდეთ თვითცენზურა – მოერიდნენ გარკვეული თემების კრიტიკულად გაშუქებას.

როგორც ”ტაბულას” ჟურნალისტები ამბობენ, თავდამსხმელების მხრიდან იყო მუქარაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სამართალდამცავმა უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის გაასაჯაროვონ და არ შეიქმნას დაუსჯელობის პრეცედენტი,” – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

გუშინ, 12 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საქმეზე გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი