ახალი ამბები

GCAA: 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ

12 იანვარი, 2016 • 1482
GCAA: 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ცნობით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა.

როგორც სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.57%-ით (252 492 მგზავრით) არის გაზრდილი. მათი ცნობით, 6.60%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება, ხოლო 2015 წლის შეჯამებული მაჩვენებელი 123 364 ერთეულ გადაფრენას შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, 4.53%-ით გაზრდილია რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა. მათი ცნობით, შეჯამებული მონაცემებით, 2015 წელს 11 409 რეგულარული და 2 259 ჩარტერული რეისი განხორციელდა.

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას, როგორც სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით (271 784 მგზავრით) აღემატება 2014 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა, რაც 5.91%-ით (12 635 მგზავრი) აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს.

სააგენტოს ცნობით, 232%-ით (3122 მგზავრით) არის გაზრდილი 2015 წელს მესტიის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით.

მათი ინფორმაციით, 2015 წლის აპრილიდან Wizz Air Ukraine”-ის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო დროებით შეფერხებული იყო საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები (182 954 მგზავრი) გადაიყვანა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული კლების შესამცირებლად სხვადასხვა ავიამიმართულებების დამატების მიზნით აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი