ახალი ამბები

კვირიკაშვილი სტამბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

12 იანვარი, 2016 • 1664
კვირიკაშვილი სტამბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტამბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

პრემიერის განცხადებით, ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის. კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევით ეს უდიდეს ბოროტება შეჩერდება, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება.

“მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული. ვგმობ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევაჩერებთ უდიდეს ბოროტებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება,” – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

სტამბულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის უდიდეს ქალაქში მომხდარი აფეთქება დაგმო. მან ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამერდოვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს დილით სტამბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 10 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაი ერდოღანის განცხადებით, ტერორისტული აქტი სირიელი თვითმკვლელი ტერორისტის მიერაა ჩადენილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი