ახალი ამბები

კალაძე: ბოდიში, რომ “გაზპრომთან” შეხვედრები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა

12 იანვარი, 2016 • 1507
კალაძე: ბოდიში, რომ “გაზპრომთან” შეხვედრები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა

“მე ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ შეხვედრები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა და ლაივის გაკეთება შეუძლებელია,” – ასე ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

ვიცე-პრემიერი ასევე, ხუმრობით პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრებს მასთან ერთად სხვა პირებიც ესწრებიან, მათ შორის ბერა ივანიშვილი:

“შეხვედრებს ვესწრებოდით მე, ბერა ივანიშვილი თავისი დრამერებით, მარჯვნიდან მერაბ სეფაშვილი იყო და მარცხნიდან ნუცა ბუზალაძე.”

კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში აზერბაიჯანიდან შემომავალი მილსადენი საკმარის გაზს ვერ აწვდის და შეუძლებელია ამავე მილსადენში მოცულობის გაზრდა.

“ფიზიკურად ჩვენ ვერ ვიღებთ დამატებით მოცულობას ამ მილსადენიდან, რომლითაც “სოკარი” გვაწვდის გაზს. ეს არის 6 მილიონი მოცულობის და შეუძლებელია დამატებითი მოცულობები იქნეს გატარებული ამ მილსადენში, ამიტომ დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან,” – აცხადებს კალაძე.

კახა კალაძე არ ასახელებს კომპანია “გაზპრომის” მიერ შემოთავაზებულ ტარიფებს, თუმცა ამბობს, რომ არსებულ ტარიფზე დაბალია:

“რაც შეეხება შემოთავაზებულ ფასებს, მე ციფრების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი არსებული ფასები, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან, იმაზე ნაკლებია, კონკურენტუნარიანია. ჩვენ ეს ფასები კომპანია “სოკართან” წარვადგინეთ და ვუთხარით აბსოლუტურად გახსნილად, რა შემოთავაზებებიც იყო.”

მინისტრის თქმით, ისინი, ვინც ყველაზე მეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოლაპარაკებებს და რუსეთს ოკუპანტს უწოდებს, სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

კახა კალაძე დღეს ექსპერტებს შეხვდა. ექსპერტებმა მინისტრთან შეხვედრაზე გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი განიხილეს.

კალაძე გაზპრომის მხარეს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ჩატარდა საპროტესტო აქციაც.

ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელი აზერბაიჯანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი