ახალი ამბები

ID ბარათებს გერმანული კომპანია დაამზადებს

28 იანვარი, 2011 • 1486
ID  ბარათებს გერმანული კომპანია დაამზადებს

 ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობების დამზადებისა და პერსონალიზაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი გერმანულმა კომპანია „მიულბაუერმა“ მოიგო.

დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და გერმანული კომპანია „მიულბაუერის“ ხელმძღვანელმა ჟოსეფ მიულბაუერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კომპანია „მიულბაუერი“ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც  დაცული დოკუმენტების წარმოებასა და განვითარების კუთხით ოცდახუთწლიანი გამოცდილება გააჩნია.

საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) სისტემა მიმდინარე წლის ზაფხულიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი მოწმობა პლასტიკური ბარათის ტიპის იქნება, რომელშიც  ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი იქნება განთავსებული.  ID ბარათები არსებითად გაამარტივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ყველაზე დიდი პროექტის განხორციელების დასაწყისი უწყების ხუთი წლის იუბილეს დაემთხვა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.

„მომავალში ID ბარათები ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ დოკუმენტს, რომელიც მრავლად გვაქვს ჩვენ. ახალი პროექტი მოქალაქისთვის სერვისის მიწოდების პრაქტიკას მთლიანად შეცვლის: თუ აქამდე ადამიანს ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უწყებებში მისვლა უწევს, მომავალში მას შეეძლება ონლაინ რეჟიმში – კომპიუტერის მეშვეობით მოაწეროს ხელი დოკუმენტს, გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით, რასაც უკვე ოფიციალური ძალა ექნება. ეს, თავის მხრივ, სახელმწიფო დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს,“-განაცხადა ვაშაძემ.

ჟოსეფ მიულბაუერის თქმით, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა  საშუალებას იძლევა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით წვდომა მოხდეს სახელმწიფო ბაზებთან.

მისი განცხადებით, ამ დრომდე კომპანია „მიულბაუერს“ დაცული დოკუმენტების წარმოების სფეროში ორასამდე სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი