ახალი ამბები

მეჭიაური: გაზპრომმა გამოთქვა სურვილი, რომ ანგარიშსწორება მოხდეს საბანკო ოპერაციებით

12 იანვარი, 2016 • 1461
მეჭიაური: გაზპრომმა გამოთქვა სურვილი, რომ ანგარიშსწორება მოხდეს საბანკო ოპერაციებით

საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაზპრომი საქართველოს ტერიტორიაზე გაზის გატარების სანაცვლოდ ითხოვს ანგარიშსწორებას არა ბუნებრივი აირით, არამედ – თანხით.

“რამდენადაც ვიცი, რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ ანგარიშსწორება მოხდეს არა ნატურით, არამედ საბანკო ოპერაციებით, მომავალში თანხის გადახდით,”– განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მან აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ნაწილის ის პროტესტი, რომელიც საქართველოს გაზპრომთან მოლაპარაკებას ახლავს, არის “საბაბი ხმაურისთვის”

“გაზპრომთან ხელშეკრულება დადებულია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. დღეს ის ხალხი, რომელიც თვითონ დებდა ამ ხელშეკრულებებს, რომელმაც თვითონ მისცა მთელი ენერგეტიკული ობიექტები, რუსეთის სხვადასხვა კომპანიებს მიჰყიდა, ახლა ის ხალხი გამოდის და ატეხეს აურზაური, რომ კახა კალაძე თურმე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კახი კალაძე იმიტომ არის ენერგეტიკის მინისტრი, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აქვს მის სამინისტროს მემკვიდერეობით დატოვებული, ამაზე უნდა იმუშაოს,”– აცხადებს მეჭიაური.

გუშინ ამ საკითხზე კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა. მისი განცხადებით, საუბარია გატარებული გაზის იმ 10%–ის თანხით ანაზრაურებაზე, რომელიც ამ დრომდე საქართველოში რჩებოდა.

“ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე. ანუ, 10% გატარებული მოცულობისა, რომელიც მოგვქონდა, ამის მაგივრად ჩვენ გადაგვიხადონ თანხები,”– განაცხადა კალაძემ გუშინ.

კალაძე გაზპრომის მხარეს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ჩატარდა საპროტესტო აქციაც.

ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელი აზერბაიჯანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი