ახალი ამბები

კალაძე გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაძლო შეცვლაზე საუბრობს

11 იანვარი, 2016 • 2021
კალაძე გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაძლო შეცვლაზე საუბრობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებებზე საუბარია იმის შესახებ, რომ გატარებული გაზის 10%–ის გადმოცემის სანაცვლოდ საქართველოს გაზპრომმა თანხა გადაუხადოს.

“ყოველწლიურად ხდება არსებული ხელშეკრულების გადახედვა, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე. ანუ, 10% გატარებული მოცულობისა, რომელიც მოგვქონდა, ამის მაგივრად ჩვენ გადაგვიხადონ თანხები.  ეს მოლაპარაკებები ჩვენ უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. როდესაც იქნება გარკვეული შეთანხმება მიღწეული, ეს იქნება ყველასთვის ცნობილი. თან საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებზე. ამიტომ რაღაც ტრაგედიებს რომ ხატავს ე.წ. ექსპერტები, არის მარაზმი და არასწორი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ეხება საკითხს, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს გაზპრომის გაზის ტრანზიტი საქართველოში:

“გაზპრომთამ მიმდინარე მოლაპარაკება ატარებს, ერთი მხრივ, ტექნიკურ ხასიათს იმიტომ, რომ გაზპრომი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, სომხეთში გაზის მისაწოდებლად. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტრანზიტის ანაზღაურება და, შესაბამისად, ტრანზიტის ანაზღაურების პარალელურად არის მოლაპარაკება უკვე დანარჩენ ტექნიკურ დეტალებზე,”– ამბობს ქუმსიშვილი.

კალაძე გაზპრომის მხარეს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ჩატარდა საპროტესტო აქციაც.

ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელი აზერბაიჯანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი