ახალი ამბები

პროკურატურაში შექმნილი საკონსულტაციო საბჭო უწყების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა

11 იანვარი, 2016 • 1071
პროკურატურაში შექმნილი საკონსულტაციო საბჭო უწყების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც პროკურორები და უწყების სხვა თანამშრომლები შედიან.

პროკურატურის ცნობით, საბჭოს ფუნქცია იქნება უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა. საკონსულტაციო საბჭო ასევე განიხილავს პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც.

რაც შეეხება წევრებს, საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები: გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათადაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

“საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვა და უწყებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალური წესით განხილვა, რის რეკომენდაციასაც საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში წლების განმავლობაში იძლეოდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების  საფუძველზე, მომავალში პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისგანხილვა მოხდება არა ერთპიროვნულად, მთავარი პროკურორის მიერ, არამედ კოლეგიალურ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მთავარ პროკურორს მითითებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით,”– აცხადებს პროკურატურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი