ახალი ამბები

სუს–მა თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

11 იანვარი, 2016 • 1560
სუს–მა თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით სამი პირი – 36 წლის მირიან ბ, 45 წლის კონსტანტინე ბ. და 40 წლის იოსებ ჩ. დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ეს პირები თბილისში, რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137 – ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ამოღებულია რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ქ. თბილისში უკანონოდ, დადგენილი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება – ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი Cs137 (ცეზიუმ 137). აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ბირთვული რეაქციის პროდუქტს და რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის,”– აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობასა და გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი