ახალი ამბები

ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ეკატერინე აბაშიძე საგამოძიებო სამსახურში დაკითხეს

10 იანვარი, 2016 • 2477
ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ეკატერინე აბაშიძე საგამოძიებო სამსახურში დაკითხეს

ეკატერინე აბაშიძე, რომელიც ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სტამბულში აღმოჩენილი ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახიდან გაიყიდა, დღეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში დაკითხეს.

“პოლიციას ის ინფორმაცია მივაწოდე, რაზეც უკვე ვისაუბრე ჟურნალისტებთან. ჯერ იკვლევენ. გარკვეული დოკუმენტაციია საჭირო, რომ დაიწყოს გამოძიება. მე ყველაფრისათვის მზად ვიქნები ორშაბათს, რომ ყველა მტკიცებულება, რაც მაქვ,ს რომ ეს სურათი იყო ჩვენი ოჯახის საკუთრება და წლების განმავლობაში ეკიდა ჩვენს ოჯახში, გადავცე გამოძიებას,” – აცხადებს ეკატერინე აბაშიძე.

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.

აბაშიძეების ოჯახი ჟურნალისტებთან საუბარში ამტკიცებს, რომ მათ ნახატი რამდენიმე წლის წინ $37,000-ად გაყიდეს, მაგრამ თანხიდან მხოლოდ $7000 მიიღეს. აბაშიძეების თქმით, მათ ტილოს რეალური ავტორის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ეკატერინე აბაშიძის თქმით, ოჯახმა ნახატი ზაჰირ ჰუსეინოვს მიჰყიდა, რომელიც თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მან ნახატი თურქეთში მეგობრის ოჯახში დატოვა, საიდანაც მეგობრის შვილმა მოჰპარა. მან მომხდარის შესახებ ადგილობრივ პროკურატურას აცნობა, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ჰუსეინოვმა დღეს, “რუსთავი 2”-ს შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა. მისი თქმით, ნახატს საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთია.

8 იანვარს თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ტილო $14 მილიონად იყიდებოდა. მათივე ცნობით, ევროპიდან მოპარული ტილო თურქეთში საქართველოს გავლით შევიდა. ამ საქმეზე ორი ბიზნესმენია დაკავებული.

შსს-ს განცხადებით, თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოსთან კავშირი არ დგინდება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაკავებული ბიზნესმენებიც არ ადასტურებენ საქართველოსთან კავშირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი