ახალი ამბები

აბაშიძეების ოჯახი ამბობს, რომ სტამბულში აღმოჩენილი ვან დეიკის ნახატი მათ ეკუთვნოდათ

10 იანვარი, 2016 • 2502
აბაშიძეების ოჯახი ამბობს, რომ სტამბულში აღმოჩენილი ვან დეიკის ნახატი მათ ეკუთვნოდათ

აბაშიძეების ოჯახი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სტამბულში აღმოჩენილი ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ნახატი წლების განმავლობაში მათთან ინახებოდა, შემდეგ კი $37 000-ად გაყიდეს, თუმცა აქედან მხოლოდ $7 ათასი მიიღეს.

8 იანვარს თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ტილო  $14 მილიონად იყიდებოდა. მათივე ცნობით, ევროპიდან მოპარული ტილო თურქეთში საქართველოს გავლით შევიდა. ამ საქმეზე ორი ბიზნესმენია დაკავებული.

“ეს ნახატი შეიძინა, თუ არ ვცდები, 15 წლის წინ ჩემმა ძმამ, რომელიც ახლა არის გარდაცვლილი, გიორგი აბაშიძემ. როგორც თქვა თვითონ, შეიძინა საკომისიოში და გადაიხადა $5000. კონკრეტულად ავტორს ვერავინ ვერ ადგენდა. ხელოვნებათმცოდნეებსაც ჰქონდათ ნანახი, თუკი ვინმე ერკვევა ამ სურათებში, მაგრამ ვერავინ ვერ დააზუსტა, მხატვარი ვინ იყო,”- ამბობს ეკა აბაშიძე “კურიერთან” საუბრისას.

მოამბესთან” საუბრისას აბაშიძეების ოჯახი ამბობს, რომ როდესაც ფინანსური პრობლემების გამო 2010 წელს ამ ნახატის გაყიდვას ცდილობდნენ, მაშინ მათთვის უცნობი იყო როგორც ნამუშევრის ავტორი, ასევე მისი ღირებულება. მათივე თქმით, ნახატი მათგან ზაჰირ ჰუსეინოვმა და მალხაზ მახარაძემ იყიდეს.

ჰუსეინოვმა კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ 2010-ში ოფიციალურად მივიდნენ კულტურის სამინისტროში და ნახატი საზღვარზე მათი ნებართვით გადაიტანეს. თუმცა ტილო თურქეთში არ გაიყიდა და ერთ ადამიანს დაუტოვეს.

“ბოლო მოლაპარაკებეი იყო, დედასთან მოვიდა ორი მამაკაცი, რომელიც იყო მალხაზ მახარაძე და ზაჰირ ჰუსეინოვი. 37 ათას დოლარზე შევთანხმდით, სასწრაფოდ გვჭირდებოდა ეს თანხა. ჩვენ მოგვცეს მაშინ 7 ათასი დოლარი და გაქრნენ,”- ამბობს ეკა აბაშიძე.

შსს-ს განცხადებით, თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოსთან კავშირი არ დგინდება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაკავებული ბიზნესმენებიც არ ადასტურებენ საქართველოსთან კავშირს.

“ამ ეტაპისთვის დანიშნულია ექსპერტიზა ნახატის ირგვლივ, რომლის პასუხიც, სავარაუდოდ, მათივე მოწოდებული ინფორმაციით, ერთ თვეში გახდება ცნობილი,”- განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი