ახალი ამბები

“აპექს ჯგუფი”: მშენებლობა ალექსიძის ქუჩის მიმდებარედ მერიის ნებართვით მიმდინარეობს

9 იანვარი, 2016 • 2760
“აპექს ჯგუფი”: მშენებლობა ალექსიძის ქუჩის მიმდებარედ მერიის ნებართვით მიმდინარეობს

„აპექს ჯგუფის“  განცხადებით, თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე  მიმდინარე მშენებლობა, რომელსაც ალექსიძის #1-ის მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს, მიმდინარეობს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.

“აქციის მონაწილეების მოთხოვნების  გაჟღერების შემდეგ ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი,  რომ გარკვეული პირთა წრის მიზანია კონკრეტული საკითხის გამოყენება  პოლიტიკური ინტერესებისათვის, რასაც ადასტურებს აქციაზე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების გაკეთება იმ პირობებში, როცა ისინი არ ან „ვერ“ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით. კომპანია დღემდე მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგის რეჟიმში მოხდეს ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებელთა რეალურ პრობლემებზე მსჯელობა ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით და მონაწილეობით,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ნეტგაზეთს “აპექს ჯგუფიდან” გამოუგზავნეს.

დღეს თბილისში გაიმართა აქცია, სადაც ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებმა მშენებლობები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, შენდება მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციები და ბავშვებისთვის გასასეირნებელი ადგილიც აღარ რჩება.

“ჩვენი კორპუსები ისეა ერთმანეთზე მიშენებული, რომ გამონაბოლქვის ერთადერ სავენტილაციო გზა ჩვენი ბინების ფანჯრებია,”– ამბობს ჟურნალისტებთან აქციის მონაწილე ირაკლი ძიგუა.

დეველოპერის წარმომადგენელი, ადვოკატი ირაკლი ჩხიკვაძე კი გადაცემა რეალურ სივრცეში აცხადებს, რომ სარეკრეაციო სივრცე 1100კვ.მ ტერირორიაზე მოეწყობა. მისივე თქმით, ეს სარეკრეაციო ზოლი კორპუსის მეხუთე სართულზე განთავსდება.

გარდა ამისა, მშენებლობასთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გამოაქვეყნა თბილისის მერიამ, სადაც აღნიშნულია, რომ  “აპექს ჯგუფი” პროექტის დარღვევისთვის 4000 ლარით უკვე დაჯარიმდა და ასევე, დაიწყეს წარმოება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით.

თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა ნეტგაზეთთან აღნიშნა, რომ მერიის მიერ დაკისრებული ეს ჯარიმა არავითარ კავშირში არ არის მოსახლეობის პროტესტთან.

აპქეს ჯგუფის მიერ მოწოდებული ფოტო. მათი განცხადებით, ბერბუთის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დასრულების შემდეგ ასეთ სახეს მიიღებს

აპქეს ჯგუფის მიერ მოწოდებული ფოტო. მათი განცხადებით, ბერბუთის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დასრულების შემდეგ ასეთ სახეს მიიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი