ახალი ამბები

მექსიკაში ნარკობარონი “ელ ჩაპო” დააკავეს

9 იანვარი, 2016 • 3298
მექსიკაში ნარკობარონი “ელ ჩაპო” დააკავეს

მექსიკელი ნარკობარონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი ხოაკინ “ელ ჩაპო” გუსმანი კვლავ დააპატიმრეს და დააბრუნეს ალტიპლანოს მკაცრი რეჟიმის ციხეში, საიდანაც 6 თვის წინ გამოიქცა.

იგი პარასკევს მექსიკაში, მშობლიურ სინალოას შტატში დააკავეს. BBC–ის ინფორმაციით, “ელ ჩაპო” ამ შტატს საკუთარი ნარკოკარტელის საშუალებით მართავდა.

მისი აყვანის სპეცოპერაციის დროს 6 ადამიანი, მათ შორის, სამხედრო პირი მოკლეს. თავდაპირველად მან გაქცევა სცადა, თუმცა საბოლოოდ მაინც დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ნარკობარონის კვალზე გასვლა შეძლეს, იყო ის, რომ გუსმანს სურდა საკუთარ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება და ამ მოტივით მსახიობებსა და პროდიუსერებს დაუკავშირდა.

მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენამ გუსმანის დაკავება “კანონის უზენაესობის გამარჯვებად” შეაფასა.

გასულ წელს “ელ ჩაპო” ციხიდან მეორედ გაიქცა. პირველად გვატემალაში 1993 წელს დააკავეს, საიდანაც 2001-ში გაიქცა. ნარკობარონი 13 წლის განმავლობაში იყო თავისუფალი, 2014 წელს კი კვლავ დააკავეს. გუსმანის ქონება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მექსიკის გენერალური პროკურატურის განცხადებით, “ელ ჩაპოს” მექსიკიდან აშშ-ში გადაიყვანენ. მათი თქმით, აშშ ექსტრადირებას ჯერ კიდევ 2014 წელს ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი