ახალი ამბები

მერია: ალექსიძის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია პროექტის დარღვევისთვის დაჯარიმდა

9 იანვარი, 2016 • 2364
მერია: ალექსიძის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია პროექტის დარღვევისთვის დაჯარიმდა

თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დეველოპერული კომპანია “აპექს ჯგუფი” პროექტის დარღვევისთვის 4000 ლარით უკვე დაჯარიმდა. ასევე, დაიწყეს წარმოება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით.

მერიის ცნობით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კომპანიამ უკვე წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

მერია აცხადებს, რომ ეს საკითხი განხილულ ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

“სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აპექს ჯგუფმა“ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული,”– წერია მერიის განცხადებაში.

ასევე, მერიის ცნობით, ზონალურ საბჭოზე მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქ. #5 ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საკითხიც განიხილეს. მათივე ცნობით, სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

მერია აღნიშნავს, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და სკვერის გაშენება.

დღეს თბილისში გაიმართა აქცია, სადაც ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებმა მშენებლობები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, შენდება მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციები და ბავშვებისთვის გასასეირნებელი ადგილიც აღარ რჩება.

“ჩვენი კორპუსები ისეა ერთმანეთზე მიშენებული, რომ გამონაბოლქვის ერთადერთ სავენტილაციო გზა ჩვენი ბინების ფანჯრებია,”– ამბობს ჟურნალისტებთან აქციის მონაწილე ირაკლი ძიგუა.

საპროტესტო აქცია ალექსიძის ქუჩაზე. ფოტო – რუსთავი 2–ის ვიდეომასალიდან. 09.01.2016

საპროტესტო აქცია ალექსიძის ქუჩაზე. ფოტო – რუსთავი 2–ის ვიდეომასალიდან. 09.01.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი