ახალი ამბებიხელოვნება

თბილისში რეჟისორ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

8 იანვარი, 2016 • 2241
თბილისში რეჟისორ ელდარ  შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, 26 იანვარს კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც უჩვენებენ ნაწყვეტებს მისი ცნობილი ფილმებიდან.

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957–1959 წლებში იყო კინოსტუდია “მოსფილმის”, 1960 წლიდან კი კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორი. 1976–1991 წლებში- საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.

ელდარ შენგელაის 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.

კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ცნობილი ფილმები: არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და მრავალი სხვა. “ცისფერი მთები” კი “კანის კლასიკაში” 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი