ახალი ამბები

ენმ ირაკლი კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

7 იანვარი, 2016 • 1809
ენმ ირაკლი კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წარმომადგენელ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, ესაა შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რითაც ხელისუფლება ცდილობს გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძეზე ზეწოლა განახორციელოს.

„ბუნებრივია, ეს გარდაბნის არჩევნებს უკავშირდება, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ხელისუფლება კი ცდილობს ბოლო 3 წელიწადში აპრობირებული მეთოდი გამოიყენოს და ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის აღძვრით გავლენა მოახდინოს მასზე.

ეს ფაქტი არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რადგან ჩვენს შემთხვევებში, როცა ჩიორა თაქთაქიშვილზე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე, გიორგი ღვინიაშვილზე უხეში და მათ შორის შეირაღებული თავდასხმები განხორციელდა, არც ერთხელ არ გამოყენებულა პატიმრობა.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გაამრთულ ბრიფინგზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, მას ადრე უკვე ქონდა ჩადენილი ანალოგიური სახის დანაშაული კერძოდ კი გასამართლებული იყო ხულიგნობის ჩადენისა და სხეულის დაზიანებისათვის.

“ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ მეზობლები, რაც ქმნიდა მოწმესა და დაზარალებულებზე ზემოქმედების საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით. სასამართლომ გაიზიარა რა პროკურატურის მყარი არგუმენტები, ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთ ღონისძიებად შეურჩია პატიმრობა,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით 6 იანვარს დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი