ახალი ამბები

საფეხბურთო სკოლა “ოლიმპოს” თბილისის მერია ალტერნატიულ მოედანს შესთავაზებს

5 იანვარი, 2016 • 1356
საფეხბურთო სკოლა “ოლიმპოს” თბილისის მერია ალტერნატიულ მოედანს შესთავაზებს

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე მუშაობს.

ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

თბილისის მერიის ცნობით, წინა ხელისუფლების პირობებში, მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტერიტორიებზე არსებული სპორტული კომპლექსების – მოედნების, საცურაო აუზების და ა.შ. შენარჩუნების ვალდებულების გარეშე, შესაბამისად, სანდრო ეულის ქ.#5-ში სამშენებლო ნებართვა გაიცა ისე, რომ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის შენარჩუნების ვალდებულება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სანდრო ეულის ქ.#5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი მიკროუბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტი წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად დამტკიცებულია 2014 წლის 31 მარტს და დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის იმჟამინდელი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე.

“გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიკროუბნის განაშენიანების ნებართვა სწორედ დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდშია გაცემული და შესაბამისი იურიდიული პროცესიც ამ დროიდან იწყება. შესაბამისად, თბილისის მერიას დღეს პროცესის ხელის შესაშლელად სამართლებრივი ბერკეტი აღარ გააჩნია, რადგან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა, საკუთრების უფლებას კი ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია იცავს,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის, სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს მიმართოს საკრებულოს, რათა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და სამომავლოდ სპორტული ობიექტები უფრო მეტად დაცული იყოს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ლევან კობიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის მიერ ახალი მოედნის მოწყობისათვის შესაბამისი ადგილი გამოინახება, რათა სპორტსმენები სავარჯიშო სივრცის გარეშე არ დარჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი