ახალი ამბებისაზოგადოება

„შეასრულეთ თქვენი როლი – გაგვიზიარეთ თქვენი შექსპირი“ – ბრიტანეთის საბჭოს საქველმოქმედო კამპანია

5 იანვარი, 2016 • 2306
„შეასრულეთ თქვენი როლი – გაგვიზიარეთ თქვენი შექსპირი“ – ბრიტანეთის საბჭოს საქველმოქმედო კამპანია

ბრიტანეთის საბჭო და კამპანია GREAT ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია VSO-სთან ერთად უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გლობალურ პროგრამას ახორციელებენ. კამპანიის მიზანია VSO-ს საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშესაწყობად ფონდების მოძიება. VSO-ს მოხალისეები მსოფლიოში უღარიბეს ადამიანებს განათლების მიღებასა და ამით მათთვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში ეხმარება.

“ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რაც სიღატაკისგან თავის დაღწევის პირდაპირი გზაა. სამწუხაროდ, 250 მილიონ ბავშვს მთელ მსოფლიოში არ შეუძლია წერა-კითხვა. ერთად ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ბავშვებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, რომ მიიღონ განათლება,” – აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.

როგორ შეიძლება მონაწილეობის მიღება კამპანიაში:

მსურველებმა უნდა გადაიღონ 30-წამიანი ვიდეო ქვემოთ მოცემული ტექსტის მიხედვით:

“მე ვარ [თქვენი სახელი და გვარი]. შექსპირის ნაწარმოებებიდან ყველაზე ძალიან მიყვარს [წარმოთქვით ციტატა] პიესიდან [დაასახელეთ პიესა] იმიტომ, რომ [დაასახელეთ მიზეზი]. დღეს მსოფლიოში 250-მა მილიონმა ბავშვმა არ იცის წერა-კითხვა. გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი როლი და დაეხმარეთ საქველმოქმედო ორგანიზაციას – VSO განახორციელოს საქმიანობა განათლების სფეროში”.

2016 წლის 5 იანვარიდან შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ვიდეო Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-ზე ან თქვენთვის სასურველ სხვა სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტის თანხლებით:

Facebook: ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება #PlayYourPart და გაიღეთ თანხა VSO-სთვის http://bit.ly/1RHi77r [Tag: https://www.facebook.com/vso-international]

Twitter: ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება #PlayYourPart და გაიღეთ თანხა VSO-სთვის @VSO_Intl http://bit.ly/1RHi77r

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: https://www.britishcouncil.ge/en/programmes/arts/shakespeare-lives

ან დაუკავშირდით ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერს მაია დარჩიას: maya.darchia@ge.britishcouncil.org

აქვე გთავაზობთ პოლ სმიტის, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესსეს შემოქმედების შესახებ:

“შექსპირს სკოლაში სწავლობს მსოფლიო მოსახლების 50% მაშინ, როცა ყველა სხვა შემოქმედს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1% ან 2% სწავლობს. ახლა, როცა შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელს აღვნიშნავთ, იბადება კითხვა: რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებული ძალა?

მისი ძალა გამოიხატება დრამატულ და არა ლიტერატურულ ოსტატობაში; უფრო ადამიანურ გამოცდილებაში, ვიდრე განათლებაში. ჩვენ არასწორად წარმოვადგენთ მას, როცა საყვარელ პოეტს ან მწერალს ვუწოდებთ. თეატრი მხოლოდ აწმყოში შეიძლება შეიქმნას, ასე რომ, ის აუცილებლად თანამედროვეა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ძველ დროშია დაწერილი, ის მხოლოდ ნამდვილი ადამიანებით და კონკრეტული ადგილებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი აწმყო დროში და მხოლოდ აღქმის უნარიანი აუდიტორიის საშუალებით შეიძლება მიეცეს სიცოცხლე. სწორედ ეს არის ის, რაც შექსპირის ნაწარმოებებს თანამდეროვეს ხდის და სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ მილიონობით ადამიანი პოულობს შესაბამისობას და პირად სიმართლეს იმაში, რასაც ხედავენ.

და რა თანამედროვეობა! შექსპირული რეზონანსი შეგვიძლია დავინახოთ 2016 წლის გლობალური მოვლენების უმეტესობაში:

  • ლტოლვილები (შეცდომათა კომედიიდან ზამთრის ზღაპრამდე)
  • ცივილიზაციების შეჯახება (ტროილუსი და კრესიდადან ანტონიუს და კლეოპატრამდე)
  • კრიმინალური დაჯგუფებების ომი და ურბანული კონფლიქტი (რომეო და ჯულიეტადან კორიოლანუსამდე)
  • ტირანია (რიჩარდ მესამედან მაკბეტამდე)
  • სამართლიანი ომი და სამართლიანი მკვლელობა (ჰენრი მეხუთედან იულიუს კეისრამდე)
  • რასიზმი და ცრურწმენა (ვენეციელი ვაჭრიდან ოტელომდე)
  • უთანასწორობა და სიღარიბე (მეფე ლირიდან ტიმონ ათენელამდე)
  • დაპატიმრება და დასჯა (კბილი კბილის წილიდან (ორ კეთილშობილ ნათესავამდე)
  • მონობა (ჭირვეულის მორჯულებიდან ქარიშხლამდე)
  • დავალიანების კრიზისი (ტიმონ ათენელიდან ვენეციელ ვაჭრამდე)

აქვე შეგვიძლია დავამატოთ სამთავრობო კვლევები, ლიდერობა, კანონი, სამართალი, კორუფცია, დიპლომატია, სოციალური მობილურობა და უდავოდ ყველა მის კომედიაში არსებული თემა – როგორაა შესაძლებელი საზოგადოების ფუნქციონირება. მას თანამედროვე ბრიტანული იდენტობის ნარატივიც კი აქვს მოცული: მეფე ლირში სამეფოს დაყოფიდან დაწყებული მაკბეტში შოტლანდიის აღდგენით დამთავრებული. ასევე კარგად ჩანს რიჩარდ მეორეში უელსური, შოტლანდიური, ირლანდიური და ინგლისური ხედვა და ის მახასიათებლები, რაც “დღევანდელ ინგლისს” გააჩნია.

„მსოფლიო ადამიანებით უნდა იყოს დასახლებული“ და შექსპირი ყველა შემოქმედზე უფრო ინტენსიურად აანალიზებდა ადამიანების განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებლობის არსებით მნიშვნელობას. მის ყველა ნაწარმოებში ნათლად ჩანს მრავალფეროვნების თანამდეროვე აღქმა – გენდერი (ქალები გადამწყვეტნი არიან თითქმის ყველა კომედიაში), კლასი, ასაკი, ეროვნება, სექსუალობა, შეზღუდული შესაძლებლობები და რელიგია.

ჩვენ უპირველეს ყოვლისა პატივს მივაგებთ შექსპირის არაჩვეულებრივ ადამიანურ გამჭრიახობას, რაც აღიარებულია ყველა კომენტატორის მიერ ბენ ჯონსონიდან დაწებული, რომელმაც ასე ჩამოაყალიბა იგი „არა რომელიმე პერიოდის, არამედ ყველა დროის“. შექსპირი არის მსოფლიოს ხმა სიხარბის, გარყვნილების, აგრესიის, შურის, ფარისევლობის და ღალატის წინააღმდეგ, მაგრამ, ამავდროულად, ის არის ხმა გულმოწყალების, ერთგულების, სამართლიანობის, მეგობრობის, ღირსების, პატივისცემის და, რაც მთავარია, სიყვარულის მხარდასაჭერად, რაც იმ სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური დინამიკაა, რომელიც თავად შექმნა.

ამ საზეიმო წელს ჩვენ გვახსოვს, რომ შექსპირი, ამავდროულად, იყო სიკვდილ-სიცოცხლის – ამ „ჯერ აღმოუჩენელი ქვეყნის“ ყველაზე დიდი მკვლევარი. მსახიობები, მაყურებლები, მთელი „ეს სამყარო“ შეიძლება წარმავალი იყოს, მაგრამ შექსპირი – ადამიანი, რომელმაც გარკვეულწილად ყველაფერი დაგვიტოვა – მარადიულია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი