ახალი ამბები

ფონიჭალაში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

3 იანვარი, 2016 • 2254
ფონიჭალაში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

აზერბაიჯანული გამოცემის, apa.az-ის ინფორმაციით, ფონიჭალაში 23 წლის ფიქრათ ახმედოვი ტელეკომპანია იმედისთვის მიერ მიცემული ინტერვიუს გამო მოკლეს. გამოცემის ცნობით, მან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოფელში ვაჰაბიტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს აცნობეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლიას კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნეტგაზეთის კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ბრალდებული, უწყებაში განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

apa.az ასევე წერს, რომ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მუფტის, აივაზ მარდანოვის განცხადებით,  ამ ინტერვიუს ნახვის შემდეგ მეზობელ სოფელში მცხოვრებმა რამინ ი–მ მას სოფლის სკოლასთან შეხვედრა სთხოვა, რა დროსაც ჩხუბი მოუვიდათ. შედეგად კი, რამინ ი–მ ახმედოვი დაჭრა. მისივე თქმით, ეჭვმიტანილი რადიკალი ვაჰაბიტების წევრი იყო. მუფთის თქმით, რამინ ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ახმადოვის დაკრძალვაზე იმავე მიზეზზე საუბრობს ტელეკომპანია რუსთავი 2–თან ნინა ახმადოვა:

“ერთი ვიცი, რომ 22 წლის ბავშვი მოკლეს და მეტი არაფერი. ინტერვიუს გულისთვის. და თუ ესენი მართლები არიან, კარგან ნახონ, იმ ინტერვიუში რაზე იყო საუბარი,”– ამბობს ის.

apa.az-ის ცნობით, მარდანოვმა ასევე განაცხადა, რომ ფონიჭალის მცხოვრებნი სოფელში ვაჰაბიზმის გავრცელებას აპროტესტებდნენ. ვაჰაბიტები სოფელში მეჩეთის აშენებას აპირებდნენ, თუმცა ადგილობრივებმა ხელი შეუშალეს. შედეგად, მეჩეთის მშენებლობა არ დასრულებულა, მაგრამ ვაჰაბიტები ნახევრად აშენებული მეჩეთის სარდაფში ლოცულობდნენ.

ფიქრათ ახმედოვი 2 იანვარს დაკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი