ახალი ამბები

ივანიშვილი: გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლის

30 დეკემბერი, 2015 • 3588
ივანიშვილი: გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლის

საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20 30–ში საუბრისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი იყო არა კონკრეტული მოსამართლის, არამედ სისტემის მსხვერპლი.

“სისტემის მსხვერპლი გახლდათ გირგვლიანი და არა ისე, როგორც დღეს ხატავენ, რომ ეს ლამის თავიდან ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო, იმხელა აჟიოტაჟია აწეული,”– განაცხადა მან.

მისი განცხადებით, ხელისუფლება მაშინ “უზურპირებული” იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, უგულავას და ახალაიას მიერ. ივანიშვილი ამბობს, რომ გირგვლიანი სწორედ სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი იყო.

“გირგვლიანის თემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, იყო ის სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლის მაინცდამაინც და ამ სასამართლოს. თუმცა კონკრეტულ მოსამართლეს და სასამართლოსაც თავისი წვლილი ჰქონდა ამ თემებში, მაგრამ ვინც იყო დამკვეთი, ვიზეც იყო მთელი ეს მმართველობა მორგებული, იყვნენ სააკაშვილი, შემდეგომ ის 4–5 კაცი, ვინც დაგისახელეთ და შემდეგ მთელი სისტემა იმართებოდა ერთი კაცის ხასიათზე,”– განაცხადა მან.

მისივე განცხადებით,  რა თქმა უნდა, გირგვლიანის თემა ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული და განსაკუთრებული იყო, თუმცა ამავე პერიოდში საქართველოშო  300 ათასამდე პირობითი მსჯავრდებული იყო, ასევე ხდებოდა ადამიანების წამება, შევიწროებული იყო ბიზნესი და ა.შ.

2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძე აირჩია, რაც საზოგადოების ნაწილის  მწვავე კრიტიკის თემა გახდა.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი