ახალი ამბები

ივანიშვილი: ღარიბაშვილი არ აპირებს დღეს გუნდში პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს

30 დეკემბერი, 2015 • 1367
ივანიშვილი: ღარიბაშვილი არ აპირებს დღეს გუნდში პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს

საქართველოს ექსპრემიერი და კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სხვა პოლიტიკურ თანამდებობას არ მოისურვებს.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა, არასწორია და საერთოდ, კაცი  წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს სხვა არანაირ უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას. მას არაფერი არ დაუშავებია, არაფერი არ გაუფუჭებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს. ის იყო მთავრობის მეთაური და, ჩემი აზრით, კონსტიტუციით ყველაზე მეტი უფლებები სწორედ მთავრობის მეთაურს აქვს დღევანდელი კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, ის არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს დღეს გუნდში. მან ჩემთან საუბარში და საჯაროდაც, მგონი, იგივე თქვა, რომ უნდა დაისვენოს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი დაუღალავად, არც შაბათი იცოდა, არც კვირა, ამ დროის განმავლობაში მოღვაწეობდა, თავდაუზოგავად, შეიძლება ასე ვთქვათ. ახალგაზრდაა და ახერხებდა, ენერგიულია, მაგრამ მან მაინც ისურვა, ერთი თვე, როგორც გააცხადა საჯაროდაც და ჩვენ ასეთი საუბარი გვქონდა, დაისვენებს და შემდეგ მოიფიქრებს. რა თქმა უნდა, მას ექნება ბევრი წინადადებები. ჩემგან რაც შეეხება ქართუ ჯგუფს და ჩემს შესაძლებლობებს, ზოგადად, როგორც ივანიშვილის, რა თქმა უნდა, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და მუდამ შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები, როგორც საკუთარი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს დღესაც, ოჯახებით ვმეგობრობთ და ასე იქნება მომავალშიც. თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მას ექნება არჩევანი,”– განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან საკუთარი წარმატების ზენიტში წავიდა და ამით ღირსეული ნაბიჯი გადადგა. მან ასევე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს გუნდში დიდი ავტორიტეტი აქვს:

“მას ნებისმიერ დროს, თუკი გუნდს გაუჭირდება, მას აქვს ეს განწყობა, ჩვენ საუბარი რამდენჯერმე გვქონია, აქვს ეს განწყობა, რომ თუ გუნდს დასჭირდება, ის აუცილებლად დაუდგება გვერდით და დაეხმარება, თუ გნებავთ, უახლოეს არჩევნებში 2016 წლის. თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ, რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს. და გარდა ამისა, ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ თუ ირაკლის სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში და სხვა გუნდის ჩამოაყალიბის, მას შეუძლია, იმხელა რესურსით წავიდა ირაკლი ამ ნაბიჯით, რომ მას შეუძლია თავისუფლად, ნებისმიერ კრიზისულ თუ არაკრიზისულ სიტუაციაში მას შეუძლია  თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი, მას ამის რესურსი გააჩნია,”– აცხადებს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი