ახალი ამბები

თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა მანქანაში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინა

30 დეკემბერი, 2015 • 1403
თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა მანქანაში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გიგა აგულაშვილის განცხადებით, 27 დეკემბერს თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა, ლევან კაპანაძემ საკუთარ სამსახურებრივ ავტომანქანაში იარაღი აღმოაჩინა.

მინისტრის თქმით, ლევან კაპანაძის მანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოჩნდა.

“როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ზოგადად და უშუალოდ და პირადად ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში, და სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი,”– განაცხადა მან.

გიგლა აგულაშვილი ინციდენტს სამართალდამრღვევებთან ეროვნული პარკის დირექტორის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს. მსგავსი შემთხვევა გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც მოხდა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის ავტომანქანაში ხელყუმბარა იპოვეს წარწერით „გაფრთხილებთ, წადი!“.

“მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ასეთ ადამაინი, გინდა თანამშრომელი იყოს, გინდა სხვა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომ ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენ წესრიგის აღდგენაზე, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე–ტყის ჭრაზე წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაგრძელდება და მე უნდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი თანამშრომლების, კანონმორჩილი თანამშროლმების საქმიანობა დაცული იქნას,”– განაცხადა გიგლა აგულაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, იგი ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც დახმარებას დაჰპირდა. აგულაშვილი გეგმავს, რომ მიმართოს პროკურატურასაც.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ოპერატიულად გამოიძიოს დანაშაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი