ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ბათუმში არსებული შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარია

29 დეკემბერი, 2015 • 1204
კვირიკაშვილი: ბათუმში არსებული შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარია

პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემეირ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ბთუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, შენობა უნივერსიტეტისათვის გამოუსადეგარი იყო.

“ეს შენობა აშენებულ იქნა, როგორც საოფისე შენობა. თვითონ მილენიუმის პროგრამის ექსპერტების დასკვნით, და ჩვენ გვაქვს მოწერილი წერილები, ეს შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის არის გამოუსადეგარი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შენობა გაგვეტანა საპრივატიზებო აუქციონზე. ეს შენობა გასხვისებულ იქნა და იქ აშენდება ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო. მილენიუმის პროგრამა გაგრძელდა და, მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს სამ უნივერსიტეტში შესაძლებელია სან–დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომის აღება, რაც, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროგრამაა.

თვითონ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, მე რამდენადაც ვიცი, მუშავდება. მე არ ვიცი, რა ეტაპზეა, მაგრამ ბათუმის შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იყო გამოუსადეგარი, მათ შორის, ძალიან ბევრი თვალსაზრისით. მათ შორის, სასწავლო დაწესებულებებში ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისითაც კი ეს შენობა იყო გამოუსადეგარი,”– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დგას, სახელმწიფოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა,  2015 წელს კი 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად გაიყიდა. მყიდველი არის შპს “ბათუმი თაუერი”. აუქციონზე შენობის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იყო. ელექტრონული აუქციონის მონაცემების თანახმად, შენობის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა.  აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და ასი ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას შენობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი