ახალი ამბები

პრემიერობის კანდიდატი მზადაა ეკონომიკური დანაშაულის შემსუბუქებაზე ნაციონალურ მოძრაობასთნ ერთად იმსჯელოს

28 დეკემბერი, 2015 • 1823
პრემიერობის კანდიდატი მზადაა ეკონომიკური დანაშაულის შემსუბუქებაზე ნაციონალურ მოძრაობასთნ ერთად იმსჯელოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ეკონომიკური დანაშაულის შემსუბუქებაზე მსჯელოს.

“შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელია  და სიამოვნებით შევხვდებდით და მოვისმენ თქვენს წინადადებებს ამ მიმართულებით. ვთხოვ ხელისუფლების შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად მივუდგეთ ამ საკითხის განხილვას. თუ ჩვენ მოვნახავთ საერთო ნიადაგს, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს წინადადებას”, – ასე უპასუხა კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს მიხეილ მაჭავარიანის შეკითხვას. 

მიხეილ მაჭავარიანმა გიორგი კვირიკაშვილს ჰკითხა, იქნება თუ არა მზად, როგორც პრემიერ-მინისტრი, რომ მხარი დაუჭიროს ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზებას?

“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პროგრამა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციას, წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ეკონომიკურ დანაშაულზე. სამწუხაროდ, ამ პროექტებზე მთავრობისგან უარი მოგვივიდა. მთავრობა არ იზიარებს ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზებას. მაინტერესებს თქვენი ხედვა პრემიერ-მინისტრის რანგში. მზად ხართ თუ არა, რომ ამ პროექტებზე ჩვენთან ერთად იმსჯელოთ, თუ ეს არის ის უარი, რომელიც თქვენი მთავრობის წევრობის დროს მოვიდა”, – თქვა მიხეილ მაჭავარიანმა.

პარლამენტარმა პრემიერ-მინისტრობის კანდადატს ჰკითხა, როგორი ხედვა აქვს გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად- საშემოსავლო გადასახადების დაწევა 20-დან 15%-მდე, ნავთობ პრდუქტებსა და გაზზე აქციზის შემცირებასა და დღგ-ს შემცირებასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება გადასახადების შემცირებას. ბატონმა ნოდარ ხადურმა არაერთი საინტერესო ინიციატივა გააჟღერა დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ისეთი ცვლილებები იყო, მეც გამიკვირდა (ეს ხუმრობაა, რა თქმა უნდა). ეს ძალიან სერიოზულ ცვლილებას მოიტანს ქვეყნის ბიზნესგარემოში. ვფიქრობ, რომ შესაცვლელი საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ბევრი რამაა. ჩვენი მთავრობა მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით. ჩვენი კაბინეტის სულისკვეთებაა, რომ მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და განვიხილოთ. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდანაც იქნება არა რიტორიკული ლოზუნგები, არამედ წინადადებები რეალური თანამშრომლობისათვის, ჩვენი მხრიდან უარი არასოდეს არ იქნება”, – ამბობს გიორგი კვირკაშვილი.

შენიშვნა: აღნიშნული მასალის თავდაპირველი სათაური იყო “კვირიკაშვილი: მზად ვარ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზებაზე ვიმსჯელო”.  მიხეილ მაჭავარიანმა გიორგი კვირიკაშვილს დაუსვა შეკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ნაციონალური მოძრაობის პროგრამასთან, რაც გულისმხობს “ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციას”. რაზეც კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ მზადაა ამ საკითხებზე იმსჯელოს მათთან.

ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პარლამენტარ მიხეილ მაჭავარიანს იმის გასარკვევად, თუ რა იგულისხმა ფრაზაში “ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაცია”. პარლამენტარმა განმარტა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”  შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში კონკრეტულ დანაშაულებზე ჯარიმისა და პატიმრობის ოდენობის შემცირება და თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობა ეკონომიკურ დანაშაულზე.
“ეს არის იმ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად შემცირება. რაღაც ეტაპი იყო ჩვენი ცხოვრების, როცა გადასახადს არავინ არ იხდიდა, სახელმწიფომ ჩვენი სახით გადაწყვიტა, რომ გამკაცრებულიყო ეს პოლიტიკა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა მოვიდა დრო, როდესაც ბიზნესმენს უფრო მეტი პარტნიორობით უნდა ელაპარაკო, ვიდრე როგორც იყო აქამდე”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი