ახალი ამბები

ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეზერვში გაწვევასთან დაკავშირებით იგეგმება

28 დეკემბერი, 2015 • 1821
ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეზერვში გაწვევასთან დაკავშირებით იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა,  თინა ხიდაშელმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეზერვში გაწვევასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კიბერ–რეზერვთან ერთად, იგეგმება პროფესიული რეზერვის საკითხის გააქტიურებაც.

“2 მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი რეზერვის მობილიზაცია 2016 წლის პირველ ნახევარში, პირველ  2 კვარტალში. ეს იქნება, ერთი მხრივ, კიბერ-რეზერვი, ჩვენ დავიწყებთ, უკვე იანვარში გამოვაცხადებთ მობილიზაციას და გვინდა, რომ ე.წ. პროფესიული რეზერვის თემა გავააქტიუროთ და რაც შეიძლება ინტენსიური გავხადოთ. ადამიანები საკუთარი სამუშაო ადგილებიდან გაუსვლელად იქნებიან გაწვეული რეზერვში და შეასრულებენ იმ საქმიანობას, გაივლიან იმ აუცილებელ ტრენინგს და მომზადებას, რაც ამისთვის არის საჭირო.

გვინდა დავძლიოთ ის სტერეოტიპიც, რომ რეზერვისტი აუცილებლად ნიშნავს თოფიან კაცს მინდორში. ეს ასე არ არის და განსაკუთრებით, როდესაც პროფესიული ჯარი გყავს, ეს ასე არ არის. ჯარს გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა და კდიევ უფრო დიდი მხარდაჭერს სჭირდება სხვა სეგმენტებში, ვიდრე მხოლოდ თოფიანი კაცების რაოდენობაა. სწორედ ამას ემსახურება ის პირველი ფაზა სარეზერვო, რეზერვში გაწვევის და მობილიზაციის.

ორი მიმართულება, როგორც გითხარით, ეს არის, ერთი მხრივ, კიბერ-რეზერვი, მეორე -ეს არის ჯანდაცვის მიმართულებით, ქირურგებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთივე ინიციატივა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ,”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი იდეა, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია, ეხება საკითხს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ საინფორმაციო ომსა და ტოტალურ დეზინფორმაციას:

“ომი დღეს, 21–ე საუკუნეში, მოგეხსენებათ, აღარ არის იმ ტიპის, იმ ფორმატის, კონვენციური, როგორც ეს იყო მანამდე. ბევრ ასპექტს შეიცავს, მათ შორის, საინფორმაციო ომის. ერთ–ერთი  იდეა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ მედიასთან აქტიური მუშაობა, როგორ ვიქცევით მასობრივი დეზინფორმაციის, საინფორმაციო ომის და შტურმის პირობებში,”–აღნიშნა ხიდაშელმა.

მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ხელახლა დამტკიცება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია. მთავრობის წარდგენილ შემადგენლობას პარლამენტი დღეს და ხვალ მოუსმენს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი