ახალი ამბები

ბერძენიშვილი: დემოკრატიის წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა

28 დეკემბერი, 2015 • 1796
ბერძენიშვილი: დემოკრატიის წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი არჩევა საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო მოვლენაა.

” ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით და სწორედ ის მოთხოვნა, რომ, არიქა, აღმასრულებელი ან საპატრლამენტო ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისიფლებაში, არის მოთხოვნა ძალიან გულუბრყვილო, არასწორი და არადემოკრატიული. დიახ, დემოკრატიის ყველა წესის დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ  ვერაფერს ვერ ვეტყვით. მე, მაგალითად, ვინც მურუსიძე აირჩია, ყველა ის ადამიანი მიმაჩნია უღირს პიროვნებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ გადაწყვეწტილებაში,”– აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე 10 ხმით აირჩია. როგორც კენჭისყრის შემდეგ გახდა ცნობილი, მურუსიძეს ხმა არ მისცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ. კენჭისყრაში მონაწილეობა კი საერთოდ არ მიიღო საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა. მურუსიძეს ხმა მისცეს საბჭოს შემდეგმა წევრებმა:  თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მურუსიძის არჩევას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი