ახალი ამბები

კვირიკაშვილმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უცვლელად წარუდგინა

26 დეკემბერი, 2015 • 1577
კვირიკაშვილმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უცვლელად წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტს მთავრობა უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ  მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც  პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში,  მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება”, -წერია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებაში, რომელიც დღეს 26 დეკემბერს გავრცელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომლის ფონდ ქართუში ღარიბაშვილმა არაერთი წელიწადი იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე. დღეს ღარიბაშვილმა უმრავლესობას მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც იყო მის მთავრობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მანამდე კვირიკაშვილი ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი