ახალი ამბები

საქინე აშთიანს ბრალს ოფიციალურად შეუცვლიან

18 იანვარი, 2011 • • 1239
საქინე აშთიანს ბრალს ოფიციალურად შეუცვლიან

საკინე აშთიანი
საკინე აშთიანი

ირანის სასამართლო საქინე აშთიანს სიკვდილით აღარ დასჯის. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, მას ბრალი ოფიციალურად შეუცვალონ და ის მხოლოდ ქმრის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის გაასამართლონ. ამის შესახეებ ინფორმაციას ნიო-იორკ ტაიმსი ავრცელებს. ეს კი რამდენიმეწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რამდენიმე თვის წინ სასამართლო ირანელ ქალს ქმრის მკვლელობასა და ღალატში სდებდა ბრალს, მას ქვებით ჩაქოლვაც კი მიუსაჯეს.

43 წლის ირანელი ქალი 2006 წელს ქმრის ღალატისა და მკვლელობისათვის დააპატიმრეს, გასულ წელს კი სასჯელად ქვებით ჩაქოლვაც კი მიუსაჯეს.  ამ ფაქტის შემდეგ მთელ მსოფლიოში საქინე აშთიანის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. ბრაზილიის პრეზიდენტმა კი მას პოლიტიკური თავშესაფარიც კი შესთავაზა. ბრაზილიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ირანის პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზარა ელანიანმა(Zahra Elahian) სასამართლოს მიერ აშთიანისთვის ქვით ჩაქოლვის მისჯის ფაქტი უარყო. მისი თქმით, აშთიანი სიკვდილით დასჯისგან საკუთარი შვილების ნებართვამ იხსნა. ირანის კანონმდებლობის მიხედვით, მსხვერპლის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, დამნაშავე სიკვდილით დასჯისგან იხსნან. ირანელი კანონმდებლის თქმით, ბრალდებული ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეში 10 წლით ჩაჯდება.

ირანის ხელისუფლებამ და პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა საქინე აშთიანის მხარდამჭერი საერთაშორისო კამპანიის დაწყების შემდეგ აქტიურად დაიწყეს მისი საინფორმაციო საშუალებებში გამოჩენა. ის მედიასაშუალებებში წარმოაჩინეს, როგორც ქმრის მკვლელობის თანამონაწილე და არა როგორც ქმრის მოღალატე და მკვლელი.

იანვარში საქინე აშთიანი უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე ორჯერ გამოიყვანეს. მან საკუთარი თავი ორივეჯერ დამნაშავედ სცნო და დაადასტურა, რომ ამას  საკუთარი სურვილით ამბობდა და მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია. უფრო ადრე კი, ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას მან გაკიცხა თავისსავე მხარდასაჭერად აგორებული მსოფლიო კამპანია და საკუთარი დანაშაული კიდევ ერთხელ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი