ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

26 დეკემბერი, 2015 • 1948
სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  გ. ოქროპირიძეს, ლაშა მახარაძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე დამნაშავედ მიიჩნიეს. 2015 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელის დანიშვნის გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში არ მონაწილეობდნენ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ – არაერთგზის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

2015 წლის 25 დეკემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახი მკვლელობისთვის გ. ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს, მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი