სოციალური პასუხისმგებლობის გასაზრდელად გორში “სოციალური მაცივარი” დადგეს. იდეის განმახორციელებელია “გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა”.
,,სოციალური მაცივარი ახალი ონლაინ პლათფორმის საშუალებით დაფინანსდა. “ორბელიანი საქართველო’’ კარგი იდეების მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს კარგი მოიპოვონ რესურსი და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეეები განახორციელონ.
გორის ახალგაზრდული მოძრაობის მოძრაობის წევრმა მაია გოგიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სოციალური მაცივრის დადგმა ახალ წელს დაემთხვა, თუმცა ეს არ არის დროებითი პროექტი და იმისათვის განხორციელდა, რომ გორის მცხოვრებლების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდოს.
“გათვლა გვაქვს მოსახლეობის ჩართულობაზე, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს ეს ყველაფერი. თვითონ გააკეთონ, ორგანიზაციებმა არ უნდა ამუშაონ ეს მაცივარი. როდესაც მიდიან დატვირთული პროდუქტით, ნაწილი იქ დატოვონ, როდესაც რესტორანში შეუკვეთენ და რჩებათ რაღაც პროდუქტი, არ დატოვონ და წამოიღონ. გათვლას ვაკეთებთ ადამიანებზე, რომ მათ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ გააფუჭონ სახლში სურსათი, რომელსაც აღარ გამოიყენებენ”, – ამბობს მაია გოგიძე.
მაია გოგიძეს სჯერა, რომ ეს პროექტი გაზრდის გორის მცხორებლებს შორის პასუხისმგებლობასა და სოლიდარულობას. მისი თქმით, ამავდოულად, საუბრობენ რისკებზე, რომ შესაძლოა მაცივარი დააზიანონ.
“არის კრიტიკა, რომ მცველი უნდა ჰყავდეს, რადგან შესაძლოა დააზიანონ, ან ბოშებმა აიღონ. რა თქმა უნდა, ასეთ კომენტარებს ვერ გამოვეხმაურებით, რადგან თუ ბოშა აიღებს საკვებს, მაგას რა ჯობია, ყველაზეა ეს პროექტი გათვლილი”, – ამბობს მაია გოგიძე.
მისი თქმით, გორში არსებობენ ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც საკვები არ აქვთ და ეს პროექტი მათაც დაეხმარება.
მაცივარზე, რომელიც გორის ცენტრში მერიის წინ დგას, განმარტებულია, რომ მაცივარში მოთავსებული საკვებზე უნდა იყოს დატანებული ვარგისიანობის ვადა.
მაია გოგიძის თქმით, მოხალისეობაზე იქნება დამოკიდებული ისიც, რომ შეამოწმონ, ვადაგასული საკვები არ დარჩეს მაცივარში და დაცული იყოს სისუფთავე.
მაცივარი პროექტისთვის შეიძინა “ორბელიანი საქართველომ”, ხოლო ელექტროენერგიით უზრუნველყო “თიბისი ბანკმა”. რაც შეეხება გორის მერიას, ადგილობრივი თვითმმართველობა მაცივრისთვის ადგილის გამოყოფასა და ნებართვის გაცემაში დაეხმარა მოძრაობას.
“გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა” მოხალისეობრივი ორგანიზაცააა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ახორციელებს პროექტებს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით.
მათი პროექტებია “ზებრამენი”, გასულ ახალ წელს ჩაატარეს “გაუვსე ხურჯინი თოვლის პაპას”, რომლის დროსაც შეგროვილი საჩუქრები გადასცეს 10 ოჯახს.
2015 წლის გაზაფხულზე მოძრაობამ ჩაატარა აქცია “იაზროვნე” ნათია სანთელაძის მხარდასაჭერად. მათი აქტიურობით გაიხსნა ღია კინოთეატრი გორში.