ახალი ამბები

მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი დასრულდა – ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა

25 დეკემბერი, 2015 • 1015
მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი დასრულდა –  ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა

61 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი დასრულდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ცნობით, 61 ვაკანტურ ადგილზე 38 მოსამართლე დაინიშნა.

“მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი, 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. სააპელაციო ინსტანციაში, იგულისხმება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის, დაინიშნა მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა,”- განაცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ის იყო წევრი, რომელმაც ხმა ლევან მურუსიძის დანიშვნის წინააღმდეგ მისცა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, კომენტარი არ გააკეთა:

“ის უკვე მოსამართლეა, მე არ მაქვს უფლება სხვა კომენტარი გავაკეთო ამის შემდეგ,”- განაცხადა გვენეტაძემ

მან ჟურნალისტებთან მოკლედ ისაუბრა იმ ხარვეზების შესახებ, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები ამახვილებდნენ ყურადღებას:

“რაც ხარვეზებს შეეხება, კონკურსის გამჭვირვალობას, ჩვენ ყველა შენიშვნას გავიზიარებთ და სამომავლო კონკურსისთვის როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებებში, ასევე სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში იქნება შენიშვნები გაზიარებული,”-განაცხადა მან.

ნინო გვენეტაძის თქმით, დანარჩენ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი, სავარაუდოდ, 3 თვის შემდეგ დაინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი