ახალი ამბები

კოჟორიძე: მურუსიძის დანიშვნა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის საშიში გზავნილია

25 დეკემბერი, 2015 • 1206
კოჟორიძე: მურუსიძის დანიშვნა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის საშიში გზავნილია

ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძის თქმით, ლევან მურუსიძის დანიშვნა დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო გზავნილია.

“სტრასბურგის სასამართლომ მოუძებნა შესაბამისი ტერმინი ბატონი მურუსიძის სამართალს და მას გამაოგნებელი უწოდა. მაგრამ მე არ ვიცი, რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ… მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი პრობლემა კი არის არა ბატონი მურუსიძე, ან რომელიმე სხვა ერთი კონკრეტული პირი, არამედ ის გარემოება, რომ მისი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მოქმედ და ყველა მომავალ მოსამართლეს უკეთებს პირდაპირ გზავნილს, რომ თუ თქვენ, მოსამართლეები, ხელს მოაწერთ გირგვლიანის მსგავს უმძიმეს საქმეებს, ჩვენ, საბჭოს წევრები, ხელს მოვაწერთ თქვენს უვადოდ დანიშვნას. ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო, ძალიან საშიში მესიჯი”, – წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის არჩევას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი