ახალი ამბები

ხატიაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, პარლამენტში წულუკიანის კანდიდატურა არ წარადგინოს

25 დეკემბერი, 2015 • 1045
ხატიაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, პარლამენტში წულუკიანის კანდიდატურა არ წარადგინოს

“ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე დღეში თქვენ უნდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ახალი შემადგენლობა. მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ პრინციპულობა, რათა დღევანდელი მოვლენების ერთ–ერთი შემოქმედი ქალბატონი თეა წულუკიანი არ მოხვდეს პარლამენტის წინაშე ნომინირებული მინისტრების სიაში”, – მიმართავს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს.

ხატიაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის თაობაზე “ცხადყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფას იმ პირთა მიერ, ვისაც აკისრიათ ვალდებულება იდგნენ ამ ღირებულებათა დაცვის სადარაჯოზე”.

“როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, თეა წულუკიანი ახორციელებდა საქართველოში სასამართლო რეფორმას რამოდენიმე წლის განმავლობაში, რითაც იგი ასე ძალიან ამაყობდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიერ გაწეულმა სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი და ფიასკოთი დასრულდა. შედეგად, სასამართლო „რეფორმის გატარებამ“ გამოიწვია მურუსიძის და „მურუსიძეების“ მოსვლა სასამართლო სისტემაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაასამარა ჩვენი ოცნება, ქვეყანაში დამკვიდრებულიყო სამართლიანი სასამართლო”, – წერს ხატიაშვილი.

აქვე ხატიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებდა.

“ამიტომ ივანიშვილმა საბოლოოდ წაგვართვა იმ ადამიანებს სამართლიანი სასამართლო, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვიდექით ქუჩაში და ვაპროტესტებდით სასამართლო ხელისუფლების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოებაზე”.

ხატიაშვილი პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რათა დღევანდელი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების “ერთ–ერთი შემოქმედი” თეა წულუკიანი კვლავ არ აირჩიონ იუსტიციის მინისტრად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი