ახალი ამბები

ლატვიის შსს: „ლუჟკოვი არ იმსახურებს ლატვიაში ცხოვრების უფლებას“

17 იანვარი, 2011 • 1046
ლატვიის შსს: „ლუჟკოვი არ იმსახურებს ლატვიაში ცხოვრების უფლებას“

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ლატვიაში ცხოვრების უფლება ითხოვა, არ იმსახურებს ამ სტატუსის მინიჭებას და, ალბათ, ვერც მიიღებს – განაცხადა ლატვიის შს მინისტრმა ლინდა მურნიეცემ. ამ ინფორმაციას რია ნოვისტი ავრცელებს.

„არ იმსახურებს (სტატუსს) ჩვენი ქვეყნისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო და ამიტომაც ვერ მიიღებს. მე, როგორც მინისტრს, მაქვს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუკი სხვაგვარად იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი,“ – განაცხადა მურნიეცემ.

გუშინ საღამოს ლატვიის ტელეარხმა  TV3–მ გაავრცელა ინფორმაცია ლუჟკოვის განზრახვის შესახებ, მიიღოს ლატვიაში ცხოვრების უფლება. ამავე არხის ცნობით, შესაბამისი განცხადებით ლუჟკოვმა გასული წლის ბოლოს მიმართა ლატვიის საელჩოს რუსეთის ფედერაციაში.

ლატვიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსკოვის ყოფილი მერის განცხადება 30 დღიდან  4 თვემდე ვადაში უნდა იქნას განხილული.

ლატვიის ინტერნეტ–პორტალის Delfi–ის ინფორმაციით, ლუჟკოვს ლატვიაში ცხოვრების უფლებაზე განაცხადის გაკეთების ლეგიტიმური შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც მან საჭირო თანხის – 400 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა Rietumu bank–ის სუბორდინირებულ კაპიტალში, ამას გარდა, ლუჟკოვი ლატვიაში უძრავ ქონებასაც ფლობს.

2010 წლის 1 ივლისს ლატვიის მიგრაციის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საშუალება ეძლევა, მიიღოს ლატვიაში ცხოვრების უფლება, თუკი აღნიშნული პირი ქვეყნის ტერიტორიაზე  100–დან 200 ათას დოლარამდე ღირებულების უძრავი ქონების მფლობელი იქნება, ან ლატვიის ბანკებში შეიტანს 400 ათას დოლარს.

ლუჟკოვი, რომელსაც მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა, თანამდებობიდან გათავისუფლდა 2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე. დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

ზოგიერთი მედიის ცნობით, ლუჟკოვმა გასული წლის ბოლოს დოკუმენტები ბრიტანეთის ვიზის მისაღებადაც ჩააბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი