ახალი ამბები

ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ათი პირი დააკავეს

25 დეკემბერი, 2015 • 2102
ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ათი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი. საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითურად მითვსებული თანხა 1 500 000 ლარს აღემატება.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული პირები უკანონოდ ეუფლებოდნენ ამერიკის, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ჰავაის კუნძულების და სამხრეთ კორეის მოქალაქეთა კუთვნილი, მაგნიტურზოლიანი საკრედიტო ბარათის მონაცემებს. შემდგომ საქართველოში ამზადებდნენ ყალბ საკრედიტო ბარათებს და სპეციალური ტექნიკური მოწყობილების საშუალებით მოპოვებული პერსონალური მონაცემები უკანონოდ შეჰყავდათ ყალბი პლასტიკური ბარათების მაგნიტურ ველში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები შემდეგ ყალბი ბარათების მეშვეობით თანხას ანაღდებდნენ. ბრალდებულები უკავშირდებოდნენ კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებს და განაღდებული თანხის 50%-ის შეთავაზების სანაცვლოდ, სხვადასხვა კომერციული ბანკის პოს ტერმინალების გამოყენებით ანაღდებდნენ სოლიდურ თანხას, რაც ინიღბებოდა გარკვეული სავაჭრო შეთანხმებით.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი ბარათები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკრედიტო ბარათების პერსონალური მონაცემები, კომპიუტერული ტექნიკა და ბარათების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილით, ასევე 210-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი