ახალი ამბები

ვოლსკი: პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია

24 დეკემბერი, 2015 • 1419
ვოლსკი: პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს, მეორე არხზე, გადაცემა “არგუმენტების დროში” განაცხადა, რომ პრემიერ– მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება და მას თავად პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს

“გიორგიზე შევთანხმდით, ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი, ერთ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდით. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. ხვალ, 10 საათზე, პარლამენტში, თბილისში,”– განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 23 დეკემბერს გააკეთა.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი 48 წლისაა. ამ დრომდე იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სადაც 2015 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა. ამავდროულად, კვირიკაშვილი 2013 წლის 26 ივლისიდან იკავებდა ვიცე–პრემიერის თანამდებობას. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე კვირიკაშვილი ეკონომინის მინისტრი იყო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან – 2015 წლის 1 სექტემბრამდე).

რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდს,  2012 წლის მარტიდან – 2012 ოქტომბრამდე კვირიკაშვილი იყო ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC” – საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი; 2006 წლის თებერვლიდან – 2011 წლის ოქტომბრამდე -სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი; 2004-2006 წლებში – პირველი კომერციული ბანკის (ამჟამად ტაოპრივატბანკის)  აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 1998  წელს – გაერთიანებული ქართული ბანკი – ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორი, აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილე; 1996-1997  წლებში –  Trade Invest Bank–ის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1993-1996 წლებში კი –  გაერთიანებული ქართული ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (საწყისი პოზიცია – დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცერი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი