ახალი ამბები

პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

24 დეკემბერი, 2015 • 2533
პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მარო მაყაშვილი არის პირველი ქართველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ცერემონია ოქროყანაში გაიმართა, იმ ადგილას, სადაც 1921 წელს იუნკრებთან ერთად საბჭოთა რუსეთის ძალებთან ბრძოლაში 19 წლის მარო მაყაშვილი დაიღუპა.

„მარო მაყაშვილი, რომელიც 19 წლის ასაკში აქ დაიღუპა, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენიქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება,”– განაცხადა პრეზიდენტმა

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მაყაშვილისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის ინიციატივა იყო.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე,  საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები – რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ირაკლი კაკაბაძე, ასევე სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და მეგობრები.

საქართველოს სულ 16 ეროვნული გმირი ჰყავს – მარო მაყაშვილი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინტრაძე, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მიხაკო წერეთელი, ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი