ახალი ამბები

“ლგბტ საქართველოს” განმარტება ვიდეორგოლზე “კოჰაბიტაცია”

24 დეკემბერი, 2015 • 3049
“ლგბტ საქართველოს” განმარტება ვიდეორგოლზე “კოჰაბიტაცია”

“ლგბტ საქართველომ” შობისა და ახალი წლის მისალოცად ვიდეოკლიპი გაავრცელა, რომლის გზავნილი, ორგანიზაციის განმარტებით, ისაა, რომ საზოგადოებაში განსხვავებულთა თანაცხოვრება მოხერხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარე ბექა გაბადაძის თქმით, ვიდეოკლიპში “კოჰაბიტაცია”, რომელსაც ორი პერსონაჟი- გეი და მღვდელი ჰყავს, გეი პერსონაჟი ჰგავს ფრედი მერკურის, რადგან უნდოდათ, პოზიტიური სახე შეექმნათ.

“ვითამაშეთ ამ სტერეოტიპებით, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია”, – ამბობს გაბადაძე.

რაც შეეხება იმათ, ვინც რეკლამას აკრიტიკებს არა ჰომოფობიის გამო, არამედ არ მოსწონს მისი სიუჟეტი ან პერსონჟები, გაბადაძე ამბობს, რომ რეკლამის სტერეოტიპულობის გამო დაწუნებისას თავად სტერეოტიპული არგუმენტი მოყავთ, რადგან პერსონაჟი ფემინურად მიაჩნიათ.

“ვისაც მიაჩნია, რომ პერსონაჟი არ შეიძლება იყოს ფემინური, ან არ ახდენდეს ლგბტ თემის რეპრეზენტაციას, ეს არის თავისთავად ჰომოფობიური მოსაზრება. ფემინურობის შიში გეი-აქტივიზმში რატომღაც დამკვიდრდა. იმ საზოგადეობაში, სადაც ფემინურობა არის უარყოფილი და ნეგატიურობასთან ასოცირდება, ამ პოზიციიდან რეკლამის კრიტიკა არასწორია. რეალობაში აქ არის იუმორისტული სცენა, სადაც ერთი ადამიანი ახერხებს და მეორე ადამიანთან ერთად აჭმევს მშვიდობის სიმბოლოს – მტრედებს, საკვებს. ის ხატი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და ფემინურობას ლგბტ მოძრაობიდან აგდებს, რაც კომენტარებში გამოჩნდა, არ მომეწონა. ჯობია ვიფიქროთ, რომ ლგბტ ადამიანების შიგნითაც ფემინური გეის კრიტიკა არის ძალიან სერიოზული და ფემინურ გეის განიხილავენ პატრიარქალური პრიზმიდან. ეს რაღაცნაირად უნდა მოვხსნათ და გენდერული გამოხატვის ფემინური ფორმები იყოს მისაღები ჩვენთვის, როგორც გამოხატვის სხვა ფორმები”, – ამბობს გაბადაძე.

ბექა გაბადაძე ამბობს, რომ სარეკლამო კომპანია TBCTVAD მათ დაუკავშირდა და შესთავაზა, რომ საახალწლო რეკლამას გაუკეთებდნენ. გაბადაძის თქმით, კომპანიას გადაღებული ჰქონდა კადრების ნაწილი, ხოლო რეკლამის გადაღება გუშინ, გვიან ღამით დაასრულეს.

გაბადაძე ამბობს, რომ პრეზენტატორმა მათ გააცნო რეკლამის მონახაზი, მონაწილე პერსონაჟები და რამდენიმე კადრი. გაბადაძის თქმით, ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ რეკლამით მიელოცათ ახალი წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

“არ ვიცი, რატომ გვაჩუქეს. ჩვენთან რატომ მოვიდნენ და არა სხვასთან, არ ვიცი. თუმცა, რადგან კონტექსტუალურად ეს რეკლამა თემატიკას ეხებოდა, რომელზედაც ორგანიზაცია მუშაობს, მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოგვძებნეს და მოვიდნენ ჩვენთან ოფისში”, – ამბობს ბექა გაბადაძე.

“ნეტგაზეთს” სარეკლამო კომპანია TBCTV Advertising-მა 2015 წლის 10 დეკემბერს განუცხადა, რომ აპირებდა გამოექვეყნებინა კომპანია “საგას” სარეკლამო კამპანიის მესამე ნაწილი, სახელით “შემწყნარებლობა”.

TBCTV Advertising-მა marketer.ge-ზე გამოაქვეყნა კადრი სარეკლამო რგოლიდან. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა TBCTV Advertising-ს, შეკითხვით, თუ რატომ აჩუქეს თავდაპირველად “საგასთვის” განკუთვნილი სარეკლამო რგოლი “ლგბტ საქართველოს”, თუმცა კითხვაზე პასუხი არ გაუციათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი