ახალი ამბები

სარეზერვო ფონდები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

14 იანვარი, 2011 • 1336
სარეზერვო ფონდები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რამდენჯერმე გამოეყო დამატებით თანხა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის წლიური ბიუჯეტი 22 მილიონი ლარია, გასული წლის 6 აპრილს საქართველოს მთავრობამ საერეზერვო ფონდიდან დამატებით გამოუყო 3 მილიონი ლარი“ – აცხადებს ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი ნოდარ ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, გასული წლის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე დამატებით სამი განკარგულება იქნა გამოცემული, რის საფუძველზეც 6 250 000 ლარი გამოიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ფუნქციონირებისთვის, რომელიც, ჯავახიშვილის თქმით, „ორიოდე გაელვების გარდა, თვალით არავის უხილავს“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი – „პირველი კავკასიური“ (რუსულენოვანი არხი) 2009 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. 2010 წლის 15 იანვრიდან მან მაუწყებლობა თანამგზავრზე დაიწყო, თუმცა ორ კვირაში  ეთერიდან გაითიშა ფრანგული ოპერატორის Eutelsat-ის მიერ.

ამის შემდეგ არხის მმართველობა გადაეცა კომპანია ””К-1″-ს, რომლის დამფუძნებლები არიან– ბრიტანელი ჟურნალისტი, ВВС-ის ყოფილი თანამშრომელი რობერტ პარსონსი და ”პირველი კავკასიურის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე. დაიწყო არხის რეორგანიზაცია.

არხი შეცვლილი სახელწოდებით – ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” თანამგზავრზე მაუწყებლობას მიმდინარე წლის 25 იანვრიდან განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი