ახალი ამბები

ბურჭულაძის ფონდი: ხელისუფლებას ეშინია მოსკოვის

24 დეკემბერი, 2015 • 1342
ბურჭულაძის ფონდი: ხელისუფლებას ეშინია მოსკოვის

პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული საქართველოს განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე ფონდის წარმომადგენლები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსსაც შეეხნენ – განსაკუთრებით, მეზობელი ქვეყნის, რუსეთის ფაქტორზე ისაუბრეს.

“როდესაც რუსეთის ინტერესებსა და საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკისა, რუსები საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენენ, ეწინააღმდეგებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და განვითარებას”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ, საქართველოს განვითარების ფონდის საერთაშორისო ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავარი პრობლემა მოსკოვისადმი გადაჭარბებული ნდობა და კრემლის ინტერესებისადმი გულუბრყვილო დამოკიდებულებაა.

“ხელისუფლება ერთმანეთისგან დღესაც ვერ არჩევს მტერსა და მოყვარეს, საგარეო პოლიტიკის მთავარ და მეორეხარისხოვან ამოცანებს. კი არ ებრძვის, ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს რუსულ და ევრაზიულ პროპაგანდას. მეტად დამოკიდებულს ხდის საქართველოს მოსკოვზე. მეტსაც გეტყვით, ეშნიათ მოსკოვის და ამის გამო ურთიეთრთობას იფუჭებს ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა უკრაინა. ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც აგვისტოს ომის მეორე დღეს თბილისში, რუსთაველზე იდგა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად”.

უკრაინაზე საუბრის დროს გიორგი რუხაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მაინც ჩავა ამ ქვეყანაში.

“ოცნების ხელისუფლების მეოთხე წელი დაიწყო და დღემდე საქართველოს არც ერთი პრემიერი კიევში არ ჩასულა. მინდა მქონდეს იმედი, რომ მესამე პრემიერი ოცნების ხელისუფლებიდან უფრო მაღლა დააყენებს საქართველოს ინტერესებს, ვიდრე ეს იქნება მოსკოვის შიში, ან ყოფილი პრეზიდენტის ან მის ირგვლივ”.

ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდის წარმომადგენელმა მოკლედ ისაუბრა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებსა და ფორმატზეც.

“უამრავი კითხვა არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატის მიზანშეწონილობასთან და გამჭვირვალობასთან მიმართებაში. ასევე, ჟენევის ფორმატს უფრო დიდი იმპულსი და მაღალი დონის ჩართულობა სჭირდება”.

საერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფონდს, ამ მხრივ, კონკრეტული გეგმებიც აქვს.

“ჩვენ წარმოგიდგენთ გეგმას, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ პრინციპული, პრაგმატული და საქართველო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა რუსეთთან. როგორ უნდა მოხდეს საფრთხეებისა და დაძაბულობის შემცირება, მოსკოვზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობა იმგვარად, რომ საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე კი არ დარჩეს, არამედ მაქსიმალურად მოხდეს საერთაშორისო რესურსის გამოყენება”.

მისი თქმით, ფონდი იტყვის ახალ სიტყვას ქვეყნის ევროპოლიტიკური ინტეგრაციის გზაზე.

“საქართველომ უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი და განსაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი ევროატლანტიკური ოჯახის სასარგებლოდ, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიღებულ საპარლამენტო რეზოლუციას. რას ვხედავთ დღეს, დღევანდელი ხელისუფლების რიტორიკა არც პროდასავლურია, არც რუსულია, მას საერთოდ არ აქვს გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა და, რაც აქვს და საგარეო პოლიტიკას უწოდებს, ეს არის ინერციით მოძრაობა”.

საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას რუხაძე საქართველო-გაზპრომისა და საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებელობების საკითხსაც შეეხო.

“საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომს” ესაუბრება, “გაზპრომს”, რომელიც კრემლის პოლიტიკური იარაღია და ესაუბრება საიდუმლოდ ქართული საზოგადოების ზურგს უკან. ორი დღის წინ მოსკოვმა, თეირანმა, ერევანმა და თბილისმა ენერგეტიკული თანამშრომლობის საბჭო შექმნეს, აძლიერებს თუ არა ეს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანს? და არის კი ეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და მისი ტრანზიტული ფუნქციისთვის მომგებიანი? თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო თურქეთის ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფნის ახალი შესაძლებლობის კვლევა იქნება ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტი. და იმ საფრთხეების ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთ-ჩრდილოეთი ენერგოდერეფნის გაძლიერების, რისთვისაც რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი