ახალი ამბები

სანიკიძემ მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო

24 დეკემბერი, 2015 • 1756
სანიკიძემ მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო

თამარ სანიკიძის თქმით, განათლების მინისტრის თანამდებობიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ შეტყობინება არ მიუღია და ეს ინფორმაცია თავადაც მედიით შეიტყო. სანიკიძემ ამის შესახებ დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

“ზოგადად, კანდიდატურებთან დაკავშირებით, როგორც წესი, იმართება ხოლმე კონსულტაცია. ასეთ კონსულტაციებს ადგილი არ ჰქონია და არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ეს ინფორმაცია მე მოვისმინე მედიასაშუალებებიდან. ალბათ თქვენ [ჟურნალისტებს] გყავთ ის სანდო წყარო, ვინც გაწვდით ამ ინფორმაციას. მისი სანდოობა ისევ და ისევ წყაროდან უნდა გადაამოწმოთ. სხვა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია და ლოგიკური, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი მოდის და გუნდი კონპლექტდება, პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, ვინ იქნება პრემიერი, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები ალბათ იქნება თანმდევი და არა წინასწარი.”

როგორც სანიკიძე აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესხებ მისთვის არ იყო ცნობილი, თუმცა ეს ინფორმაცია მანამდე გაიგო, სანამ ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებდა.

“ჩვენთვის პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი გუშინ და თვითონ გააკეთა განცხადება და მიმართა საზოგადოებას, მედიასაშუალებებს და ყველას. დაასახელა ის მიზეზი, რატომაც აპირებდა ის წასვლას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გარკვევით იყო ნათქვამი ყველაფერი მისი მხრიდან. ნამდვილად ძალიან დასაფასებელია ყველა ნაბიჯი, რომელიც მან თავის მოღვაწეობის დროს გადადგა. ნამდვილად ამ წარმატებულ ნოტაზე ვისურვებდით, რომ ის ჩვენთან ერთად დარჩენილიყო, თუმცა, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენ მის გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებთ.”

თამარ სანიკოძის ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის გარდა, პრემიერობის კანდიდატებად გიორგი ბახტაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი განიხილებიან.

“დიახ, კვირიკაშვილი ნამდვილად არის ერთ-ერთი კანდიდატი. უბრალოდ, მე მინდა გითხრათ, რომ კანდიდატების წარმოდგენა არის აბსოლუტურად მმართველი პარტიის, კოალიციის პრეროგატივა და მსჯელობა მიმდინარეობს რამდენიმე კანდიდატზე. დიახ, ნამდვილად გიორგი კვირიკაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი.

მე ვფიქრობ, ამის შესახებ განცხადებები კოალიციიდან უკვე გაკეთდა. თუ არ ვცდები, აქ იყო საუბარი რკინიგზის ხელმძღვანელ გიორგი ბახტაძეზე. თუ არ ვცდები, დიმიტრი ქუმსიშვილზეც იყო საუბარი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ეს არის კოალიციის გადასაწყვეტი. მმართველი პარტიაა და მას აქვს ის პრეროგატივა, უფლება და, რა თქმა უნდა, იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ნამსვილად ყველა მონდომებულია, რომ გადაწყვტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული,” – აცხადებს სანიკიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება არჩევანის თავისუფლებაზე საუბრით დაიწყო, თუმცა  არ განუმარტავს, რამ განაპირობა მისი არჩევანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი