ახალი ამბები

ერთი მოძრაობის ორი ბანაკი

13 იანვარი, 2011 • 1308
ერთი მოძრაობის ორი ბანაკი

ზურაბ ნოღაიდელს ყოფილი თანაგუნდელები მის მიერვე შექმნილ მოძრაობას ეცილებიან. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით ნოღაიდელი მოძრაობას აღარ უხელმძღვანელებს. იგი სერგო ჯავახიძემ შეცვალა.

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის  საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2009 წლის ივნისში დააფუძნა. დაპირისპირება პოლიტიკური გაერთიანების შიგნით 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში დაიწყო, როდესაც მოძრაობის აქტივისტებმა და კოორდინატორებმა მათი ლიდერისგან დაპირებული სახელფასო ანაზღაურება მოითხოვეს. ნოღაიდელისგან მასთან დაპირისპირებული გუნდი 350 ათასი ლარიანი სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს.

წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების შედეგად მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ორ ბანაკად გაიყო. გასული წლის ბოლოს (2010 წლის 23 დეკემბერს) ნოღაიდელისგან განდგომილებმა მოძრაობის რიგგარეშე ყრილობა მოიწვიეს ჭადრაკის სასახლეში, რის შემდეგაც აირჩიეს მოძრაობის ახალი გამგეობა, ზურაბ ნოღაიდელს კი თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს, თუმცა გამგეობაში ადგილი შეუნარჩუნეს.

„გამგეობაში იმიტომ დავტოვეთ, რომ ხელფასების დავალიანება გაისტუმროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზურაბ ნოღაიდელს სასამართლოში ვუჩივლებთ“ – ამბობს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ახალი გამგეობის წევრი ნატო ხოხიაშვილი.

მოძრაობის გამგეობაში ცვლილებების სამართლებრივად გასაფორმებლად ახალი გამგეობის წევრებმა გასული წლის ბოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიმართეს შესაბამისი განცხადებით. განცხადებასთან ერთად მათ სამინისტროში მოძრაობის 2010 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და პარტიის 3500 წევრის წერილობითი დასტური წარადგინეს, აღნიშნული ყრილობის მოწვევის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 იანვარს დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება გუშინ ნოღაიდელის მომხრეებმა გააპროტესტეს:

”იუსტიციის სამინისტრომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და გარკვეული ჯგუფის მოთხოვნა შეასრულა“, – განაცხადა კობა აბულაძემ, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ძველი გამგეობის წევრმა – „ამ 3500 ადამიანიდან ბევრი ჩვენი პარტიის წევრი აღარ არის და ზოგს საერთოდ არც ვიცნობთ. იუსტიციის სამინისიტრომ არც კი გადაამოწმა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ჩვენი მოძრაობის წევრები”.

”რა თქმა უნდა, ყველა ირიცხებოდა პარტიაში. ესენი იყვნენ ჩვენი აგიტატორები, მაჟორიტარი კანდიდატები. პლუს, ყველას სახელზე შევსებული ანკეტებიც კი წარვადგინეთ. არავის შეუტყობინებია ამ ადამიანებისათვის, რომ ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ. არც იმის  დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობენ, რომ თუნდაც ერთი ადამაინი იყო გათავისუფლებული”,- ამბობს ნატო ხოხიაშვილი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ახალი გამგეობის წევრი.

”ჩვენ ამდენი ადამიანის გადამოწმებას, დანამდვილებით იყვნენ თუ არა ისინი პარტიის წევრები, ფიზიკურად ვერ შევძლებდით. ჩვენთან რა დოკუმენტიც შემოვიდა,  ვალდებულნი ვიყავით, მისი სისწორე შეგვემოწმებინა, რადგან იუსტიციის სამინსიტრო ვალდებული იყო სამინისტროში შემოსული დოკუმენტის სისწორე დაედგინა”, – ამბობს ნეტგაზეთთან  საუბარში იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა შენგელია.

ნოღაიდელის მხარდამჭერების თქმით,  ახალი გამგეობის მიერ იუსტიციის სამინისტროში შეტანილი განცხადება იმ მიზეზითაც იყო უკანონო, რომ დარღვეული იყო მოძრაობის წესდების პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, გამგეობის რიგგარეშე ყრილობა უნდა დანიშნულიყო მოძრაობაში წერილობითი განცხადების შეტანის შემდეგ, ან გამგეობის გადაწყვეტილებით. კობა აბულაძე ამბობს, რომ ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა.

”რას ამბობთ? პირადად, მე ავიტანე 33 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სახელით განცხადება ოფისში და ჩავაბარე კობა აბულაძესა და ხათუნა მოდებაძეს. ხათუნა მოდებაძემ მაშინ მითხრა, შეგრცხვება შენ ამ ნაბიჯისო. განცხადება კი დაიტოვეს, თუმცა რეგისტრაციაში არ გაატარა იმ მიზეზით, რომ ბეჭედი ადგილზე არ ჰქონდათ. მითხრა, დამირეკე ხვალ და რეგისტრაციის ნომერს გეტყვიო. ოფისიდან გამოვედი თუ არა, ჩემი კორპორატიული ნომერი უკვე გათიშული იყო”, -ამბობს ნატო ხოხიაშვილი.

მისივე თქმით, ყველა ბრალდება, რომ უკანონოდ არის მიღებული გადაწყვეტილება, ნოღაიდელის მხარდამჭერთა მხრიდან თავის მართლებაა. 

”კობა აბულაძემ ზურაბ ნოღაიდელის წინაშეც უნდა იმართლოს თავი. იმიტომ, რომ ზურაბ ნოღაიდელის ყურამდე არ მიჰქონდა, სინამდვილეში რა ხდებოდა პარტიაში”, -ამბობს ხოხიაშვილი.

კითხვაზე, ჰქონია თუ არა პირადად მას ზურაბ ნოღაიდელთან საუბარი სახელფასო დავალიანების შესახებ, ხოხიაშვილი პასუხობს, რომ – არა.

”თუმცა, ბევრი ჩემი მეგობარი ესაუბრა – ”ფეხებზე მკიდია ხალხი”, – პირდაპირ ასე განაცხადა ნოღაიდელმა, სიტყვა –სიტყვით”, -ამბობს ნატო ხოხიაშვილი.

თავად ზურაბ ნოღაიდელს ამ საკითხებზე ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ის ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

”ჩამოვა და სამომავლო გეგმებზე განცხადებას გააკეთებს. თუ რას მოვიმოქმედებთ, მერე გამოჩნდება”, -ამბობს კობა აბულაძე.

ამჟამად გამგეობის წევრები ახალი თავმჯდომარის ოფიციალურად დარეგისტრირების მოლოდინში არიან. ახალმა გამგეობამ იუსტიციის სამინისტროში ახალი თავმჯდომარის, სერგო ჯავახიძის ამ პოსტზე დანიშვნის რეგისტრაციის განახცადი გუშინ შეიტანა.

”მას შემდეგ უკვე შეგვეძლება პარტიის ფინანსური დოკუმენტაცია გამოვითხოვოთ”, – ამბობს ნატო ხოხიაშვილი.

დაპირისპირების მიუხედავად, მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ორივე ბანაკი ერთ საკითხში ერთსულოვანია:

”ჩვენ საგარეო კურსს არ ვცვლით და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, ”ედინნაია როსიასთან” თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, -აცხადებენ მოძრაობის ახალი გამგეობის წევრები.

ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობამ რუსეთის მმართველ პარტია „ედინნაია როსიასთან“ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გასული წლის 9 თებერვალს გააფორმა.

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – ახალი გამგეობა
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – ახალი გამგეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი