ახალი ამბები

პრეზიდენტმა მთავრობის იმავე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დააკისრა

23 დეკემბერი, 2015 • 1490
პრეზიდენტმა მთავრობის იმავე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დააკისრა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ საზოგადოებას მარგველაშვილის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე მოვალეობის შესრულება იმავე შემადგენლობას დაეკისრა.

”საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტი საქართვეოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება არჩევანის თავისუფლებაზე საუბრით დაიწყო, თუმცა  არ განუმარტავს, რამ განაპირობა მისი არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი