ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

23 დეკემბერი, 2015 • 1440
ღარიბაშვილი: თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება არჩევანის თავისუფლებაზე საუბრით დაიწყო, თუმცა არ განუმარტავს, თუ რამ განაპირობა მისი არჩევანი.

“თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა

პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაიხსენა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილს გადაულოცა და სამოქალაქო სექტორში წავიდა. თუმცა ღარიბაშვილს არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს თანამდებობის დატოვების შემდეგ.

“მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობის ზენიტში ყოფნის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ საქართველოს “ერთგულ ჯარისკაცად დარჩება”.

“ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერი-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. დღეს ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა განცხადების დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებსა და თანამებრძოლებს თანამშრომლობისა და თანადგომისათვის. მან ასევ მადლობა გადაუხადა თავის იჯახს.

“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას, ასევე ჩემს შვილებს: ნიკოლოზს, ანდრიასა და გაბრიელს. ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ასეთი მნიშნელოვანი საქმე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ დაუწერია, მან მხოლოდ განმარტა, რომ გადადგომას აპირებს.

პრესსამსახურს არ აქვს ინფორმაცია, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, ან გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი