ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას გამართავენ

23 დეკემბერი, 2015 • 1813
ჭიათურელი მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას გამართავენ

“ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატთან ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას გამართავს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სამხარაძემ “ნეტგაზეთს” უამბო, რომ აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელფასების სულ მცირე 6.3%-ით მატებას, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ინფლაცია 6.3%-ია.

სამხარაძის თქმით, კომპანიისთვის რამდენჯერმე აქვთ წერილი მიწერილი ხელფასების მატების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. სამხარაძის თქმით, 2015 წელს 70 მარცხი დაფიქსირდა. ამ 70 შემთხვევიდან 3 ადამიანი დაიღუპა, 2 დაბრმავდა, ზოგმა ხელი ან ფეხი დაკარგა, ზოგს კი მუშაობა აღარ შეუძლია.

სამხარაძის თქმით, საწარმოო ტრავმებს იწვევს ის ფაქტი, რომ კომპანია არ ზრუნავს სამუშაო პირობების უსაფრთხოებაზე, მაღაროებში არ აქვთ შესამისი განიავება, ხოლო ტექნიკა აქვთ მოძველებული.

სამხარაძე ამბობს, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელი კომპანიის დირექტორ ვოლოდიმირ ლოზინსკისთან შეხვედრას თვეებია ითხოვენ, თუმცა ლოზინსკი დასაქმებულებს არ ხვდება.

“არ უნდათ პროფკავშირთან ურთიერთობა იმის გულისთვის, რომ არ უნდათ ამ პრობლემების გამოსწორება. მეტი არაფერი. ეს ყველაფერი მაგათი ფინანასური კუთხით ხარჯების გაზრდას იწვევს და არ უნდათ”, – ამბობს სამხარაძე.

მისი თქმით, სამი წელია კოლექტიურ ხელშეკრულებას ითხოვენ, თუმცა ვერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებების დადებაზე იმუშავებდა.

სამხარაძე ამბობს, რომ აქცია 13:30-ზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ტყიბულელი და ქსანელი მაღაროელებიც მიიღებენ მონაწილეობას და ის საწარმოს შეჩერებას არ გამოიწვევს. პაატა სამხარაძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები შესაძლოა გაფიცვაში გადაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი